“მადლობა ღმერთს, საქართველოს საპატრიარქოს წიაღში არაერთი სკოლა და გიმნაზია ფუნქციონირებს, სადაც მართლაც დიდი შრომა იდება მომავალი თაობების სწორად განვითარებისათვის” – ილია მეორე

,,წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას, მის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს გულითადად ვულოცავ სასწავლებლის დაარსებიდან 15 წლისთავს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილშია ნათქვამი.

“მადლობა ღმერთს, საქართველოს საპატრიარქოს წიაღში არაერთი სკოლა და გიმნაზია ფუნქციონირებს, სადაც მართლაც დიდი შრომა იდება მომავალი თაობების სწორად განვითარებისათვის.

ამ დაწესებულებებს შორის გამორჩეული ადგილი გიკავიათ თქვენ, რადგან აქ განათლებას იღებენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი ბავშვები და ამ ორი რელიგიის წარმომადგენელთა აღზრდა და პიროვნებებად ჩამოყალიბება ერთ სივრცეში ხდება, რაც მათი მეგობრობისა და ურთიერთ სიყვარულის საფუძველია.

მადლიერნი ვართ, რომ ამ საქმეს თქვენი კოლექტივი წარმატებით ახორციელებს. ამის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ გიმნაზიის ხელმძღვანელობა კარგად იცნობს მუსლიმურ გარემოს, აჭარის მთიანეთს და ისინიც ნდობით არიან თქვენდამი განმსჭვალულნი. თქვენ ნდობა დაიმსახურეთ ფერეიდნელებისაც, ჰერელებისაც, თურქეთში მცხოვრები ქართველებისაც…, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისის ადგილობრივ მოსახლეობაზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ამ სასწავლებელში ისევე, როგორც ჩვენს სხვა ბევრ სკოლაში, პრობლემები (განსაკუთრებით ფინანსური) არის, მაგრამ სითბოსა და სიყვარულის გარემო ყველაფერს წონის; ყველაფერს წონის ისიც, რომ აქ ბავშვები მუსიკალურ განათლებასაც იღებენ და სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას ეუფლებიან…

ინებოს ღმერთმა, ამ სივრცეში გატარებული წლები მათთვის იყოს სწორი ორიენტირის მიმცემი მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.

წმ. თამარ დედოფლის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგლოცოთ და დაგიცვათ თქვენ ყველანი, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი აღმზრდელები; დალოცოს ჩვენი მომავალი თაობა და სრულიად საქართველო”, – წერია პატრიარქის წერილში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები