“მთავარი არხის” დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს

„მთავარი არხის” დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს „მთავარი არხის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

შევნიშნავ,  რომ   15 ოქტომბერს ტელეკომპანია რ-2-ის  გადაცემა „კურიერის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით  ეროვნული ბანკისადმი გაგზავნილი ჩემი წერილის გასაჯაროება ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა და მოხდა ისეთი დაცული ინსტიტუტისგან, როგორიც ეროვნული ბანკია.

ეს წერილი ჩემს მიერ გაიგზავნა   ეროვნულ ბანკში მხოლოდ მას შემდეგ, რაც  ნახევარი წლის განმავლობაში ვერანაირი კონკრეტული  პასუხი ვერ მივიღე “მთავარი არხის”  მენეჯმენტისა და “ნიუ სეილსისგან”. ჩემი პირადი თუ წერილობითი კომუნიკაციების მიუხედავად არაფერი შეცვლილა, რათა დაბრუნებოდნენ კანონიერი მუშაობის  ჩარჩოებს.

უცნაურია, რომ „მთავარი არხის“ პასუხისმგებელი პირები არ გამოთქვამენ შეშფოთებას და არ მოითხოვენ ეროვნული ბანკისგან პასუხს, თუ როგორ მოხდა ასეთი დაცული ორგანიზაციიდან ჩემი წერილის მედიასაშუალება „რუსთავი 2-ისთვის“   მიწოდება, რაც კანონდარღვევაა.

„მთავარი არხის“ სახელით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო, რომ „მთავარი არხის“  წესდების მიხედვით, კომპანიას წარმოადგენს ახლა უკვე ორი დირექტორი (გიორგი გაბუნია და მე-გიორგი ქურდაძე), რომლებიც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ერთობლივად. შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით განცხადებას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ჩემი, როგორც დირექტორის ოფიციალური თანხმობა და ხელმოწერა.  ამდენად, „მთავარი არხის“  სახელით განცხადების გავრცელების ნაცვლად აღნიშნული  განცხადება საკუთარი გვარ-სახელით უნდა გაეკეთებინა შესაბამის პირს ან პირებს.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსთავი 2-დან  წამოსული გუნდით  ჩანაცვლდა „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი ტელეკომპანია „იბერია“ ,  „ომეგა ჯგუფმა“ უკლებლივ გადასცა “მთავარ არხს”   მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,  რომლითაც მაუწყებლობდა ტელეკომპანია „იბერია“.

და მალევე  ეთერში გავიდა „მთავარი არხი“ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობით, რომელმაც  სამწუხაროდ მისი დირექტორობის  თითქმის  5 წლის განმავლობაში ტელეკომპანია “ მთავარი არხი” მიიყვანა მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე  და  ჩემს  მიერ  ეროვნული ბანკისადმი გაგზავნილ  წერილში  აღწერილი მაქინაციური სქემებითა და “ ნიუ სეილსის”  საშუალებით  დაადო  „მთავარ არხს“ ბიუჯეტის ვალი, რომელიც    დღეისათვის  უკვე 11 მლნ ლარს აჭარბებს.

შესაბამისად  ზარალდება ჩემი წარმდგენელი დამფუძნებლის მიერ “ მთავარი არხის”  კაპიტალში შენატანი მილიონობით ლარი.

ამავდროულად გვარამიამ გაფლანგა ომეგა ჯგუფის მილიონობით  ლარი, დღემდე მიმდინარე ფინანსურ კოლაფსში ჩააგდო   „მთავარი არხის“ თანამშრომელთა  სახელფასო ანაზღაურება და კომპანიას კიდევ არაერთი ვალი აჰკიდა. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა თავად ნიკა გვარამიას   ხელფასის სახით  ჩარიცხული აქვს თვეში    70 000 ლარი და მეტი  და დამატებით სხვა  ბენეფიტებიც არსებობდა მისთვის, ასევე არხზე გაბერილი იყო   საშტატო კადრები.

ნაღდი ფულის გათეთრების მიზნით პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ შემოტანილი უკანონო შავი ფულის ბრუნვის თაობაზე, რომელიც ეროვნულ ბანკთან გაგზავნილ ჩემს წერილშია   აღწერილი, აღარ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა ყურადღება „მთავარი არხის“ დღევანდელ მდგომარეობაზე გავამახვილო.

მე არ  ვერევი არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა არც  არხის დე-ფაქტო მმართველს ნიკა გვარამიას აქვს უფლება, მუდმივად ერეოდეს  „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკაში. ტელემაყურებელს არ გამორჩენია, რომ „მთავარი არხი“ იქცა უაღრესად ტენდენციურ, დაუბალანსებელ და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც ძნელად შესაღწევ ტელევიზიად, ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს, ლელო,  გახარიას პარტია, ლეიბორისტული პარტია, ევროპელი დემოკრატები, გირჩი თუ სხვა.

„მთავარი არხი“ დღეს არის  მხოლოდ ნიკა გვარამიას პარტიული ტელევიზია, რომელიც ირიბად ივანიშვილის საქმეს აკეთებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ  ამჟამინდელი “მთავარი არხი” და მისი დე-ფაქტო მმართველი წარმოადგენს  ივანიშვილის სათადარიგო გეგმას, რის გამოც შეძლო  ნიკა გვარამიამ  ყველა იმ უკანონობაზე, რასაც ჩადიოდა და რაც აღვწერე  ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ ჩემს წერილში, – იმუნიტეტის მოპოვება და სახელმწიფო ინსტიტუციებისგან ხელშეწყობის და მფარველობის მიღება.

ამის დასტურია  მისი მუქარაც, რომ „თავს გამიტეხავდა და კარგს არაფერს მომიტანდა არც ხელისუფლების შეცვლის მერე“ მხოლოდ იმის გამო, რომ მოვითხოვე „მთავარ არხზე“ მის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის  წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მე, როგორც „მთავარი არხის“ დირექტორი და ტელეკომპანიის  იმ დამფუძნებლის  წარმომადგენელი, რომელმაც უდიდესი დანაკარგები განიცადა ივანიშვილისა და მისი ჯგუფის ქმედებების გამო და რომელიც ახლაც რამდენიმე საერთაშორისო სასამართლო დავას აწარმოებს ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ,  ვერ დავხუჭავ თვალს, რომ ტელეკომპანია ირიბად  ემსახურებოდეს ივანიშვილის ინტერესებს, თუნდაც  ამის ღიად თქმა დღეს არ იყოს პოპულარული ნაბიჯი.

შესაბამისად უსაფუძვლოა გუშინდელი  ცილისმწამებლური და პოპულისტური გამონათქვამები ჩემს მიმართ და არჩევნებით სპეკულირება, მათ შორის  ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლების მხრიდან, რაც თავისდაუნებურად ემსახურება  იმ დანაშაულებების გადაფარვას, რისი მტკიცებულებებიც დოკუმენტურად მაქვს და რა კანონდარღვევებიც სამწუხაროდ დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს  “მთავარ არხზე“ ივანიშვილის მფარველობით,“ – ნათქვამია გიორგი ქურდაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები