მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა წელს 5.2%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზრდება – ეს 2024 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ზრდის მოლოდინის გადახედვის უკვე მეორე შემთხვევაა.
აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს მსოფლიო ბანკმა ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.2%-მდე გაზარდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად, 7.5%-მდე გაზარდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში (ძირითადად, მეორადი ავტომობილების სახით) მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, თუმცა სავაჭრო დეფიციტი, სავარაუდოდ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება. პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5 პროცენტამდე შენელდება და თავის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.
„ძირითადი რისკები მოიცავს გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.