17 ოქტომბერს სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, გასცა აკრედიტაცია უცხო ქვეყანაში, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული საკალიბრო ლაბორატორიისათვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ძირითადად განვითარებული ქვეყნების აკრედიტაციის ორგანიზაციები არიან ასეთი სერვისების მიმწოდებლები. მისი თქმით, ეს არის როგორც უშუალოდ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალის, ისე, ზოგადად, ქვეყანაში ბოლო წლებში ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული რეფორმების აღიარების შედეგი.
„ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ჰაბად, რომელიც რეგიონის ქვეყნებს მიაწვდის მომსახურებას ხარისხის ინფრასტრუქტურის კუთხით. აკრედიტაციის ცენტრის სერვისების რეგიონული მიწოდებით ცალსახად იკვეთება საქართველოს როლი, როგორც განვითარებული და აღიარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის სერვისების მიმწოდებლისა რეგიონის ქვეყნებში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა მიიღო აღიარება ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის (European Accreditation) და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის (International Laboratory Accreditation Cooperation – ILAC) მხრიდან და ამავე დროს გახდა ამ ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრი, რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს მიერ აკრედიტაციის სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის სტატუსით ფუნქციონირების 2005 წლიდან.
ანზორ მამულაშვილი