კლიმატის ცვლილების შესახებ ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების დღესთან დაკავშირებით,  გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ნილს ქრისტენსენსმა გახსნეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები პროგრესული, თამამი და გონივრული იდეებით შეიკრიბნენ დღეს ახალგაზრდულ ფორუმზე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პროფესიული უნარების გაუმჯობესების, დეფიციტური პროფესიის მქონე ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და მწვანე ინოვაციური კვლევითი პროექტების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დღეს გამოვავლინეთ ესსეების კონკურსის „კლიმატის ისტორია“ გამარჯვებულები და მათ სერტიფიკატები და პრიზები გადავეცით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ახალგაზრდა მოხალისეებმა, კლიმატის ელჩებმა, ასევე, „ეკოლიდერთა სკოლის“, „სატყეო სკოლის” და „აგროსკოლის“ მოსწავლეებმა და „მწვანე სტიპენდიის” მფლობელმა სტუდენტებმა.

მონაწილეებმა პანელურ დისკუსიებში, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსდაცვით და აგრარულ სექტორში არსებულ სიახლეებზე, საჭიროებებზე და ახალგაზრდებისათვის არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ფორუმზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის „კლიმატის ისტორია“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

„ჩვენ ვხედავთ კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენას როგორც საქართველოში, ისე გლობალურად; თუმცა, მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად, რადგან ახალგაზრდების ასეთი აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით მაძლევს იმედს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ იყვნენ ელჩები და გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ თემში, ადვოკატირება გაუწიონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დაძლევას, შემოიტანონ ახალი ხედვები და იდეები. ეს გახლავთ ის, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ნილს ქრისტენსენსმა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები