“საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა და გამოიწვევს სანქციის დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის” – გორდულაძე

„რა შეიძლება, ვთქვათ, რეზოლუციაზე, სადაც ერთი ფაქტის ნატამალიც კი არ არის, არავითარი საფუძველიც კი არ არსებობდა ამ რეზოლუციის მიღებისა. თანაც, ასეთი რეზოლუცია უკვე მესამე თუ მეოთხეა, სათვალავიც კი აგვერია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით, “ამაზრზენია, რაც ამ რეზოლუციაში არის ჩაწერილი, რომ, თურმე, საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს”.

“საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც საუბრები მიმდინარეობდა, რომ დახურულ კარს მიღმა იყო მოთხოვნები რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს მხრიდან ფინანსური სანქციების დაწესებისა, გარკვეული პირები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები როგორ ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ახლა ეს ყველაფერი აღმოჩნდა რეზოლუციაში, შავით თეთრზე წერია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა და გამოიწვევს სანქციის დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის. ეს იქნება დამაზარალებელი და დამაზიანებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის. შეუძლებელია, რომ რუსეთის ეკონომიკას 0.3%-ზე მეტი ზიანი მიადგეს მაშინ, როდესაც 12%-დან 13%-მდე, სხვადასხვა გათვლების შედეგად 16%-მდე ზიანიც კი მიადგებოდა ჩვენს ეკონომიკას, ჩამოიშლებოდა ეკონომიკა.

ამ ყველაფერს ახლა ითხოვს ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციით. რაც შეგვიძლია, ვთქვათ – ამაზრზენია და მეტი არაფერი.

ამ ყველაფერს მოჰყვებოდა მათ შორის, პოლიტიკური შედეგიც – ეს იქნებოდა კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გაჩენილიყო უდიდესი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნისა და ომისა, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგობა განაცხადა „ქართული ოცნების“ გუნდმა. მყარად, ორ ფეხზე დგომით ჩვენ ვუთხარით უარი ომს, სანქციებს და ეკონომიკურ კოლაფსს და ჩამოშლას“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები