შალვა პაპუაშვილი: ამაზრზენია რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები – ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება

„ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც.“-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“.

„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში.“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები