მთავრობის ადმინისტრაცია ორდღიან სემინარს მართავს

დონორების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა საქართველოს მთავრობაში, – ამ თემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2-3 ოქტომბერს ორდღიან სემინარს მართავს. სემინარის მიზანია მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებს შორის კოორდინაციის ეფექტიანობის გაზრდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განმარტებით, სემინარის მონაწილეები ისაუბრებენ დონორების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, დახმარებების ეფექტიანად გამოყენებასა და მეგობარი ქვეყნების განვითარების სააგენტოებთან ეფექტიანი კომუნიკაციას შემუშავებაზე, ასევე ერთმანეთს ხედვებს და სამომავლო გეგმებს გაუზიარებენ.
როგორც ნინო კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობაში კოორდინაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მისი მუშაობა მიმართულია მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების კონსოლიდაციას, დროულ განხორციელებას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს უწყებრივ კოორდინაციას. აღნიშნული სტრუქტურის ჩამოყალიბებას დადებითად აფასებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ჩვენთან აქტიურად მუშაობს “სიგმა“, რომელიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის და ევროკავშირის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს“, – განაცხადა ნინო კობახიძემ.
პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი სამ ჰორიზონტალურ ერთეულს აერთიანებს – სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურს, დონორების კოორდინაციის სამმართველოს და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
დონორების კოორდინაცია სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილია, რასაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სახელმწიფოს ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხში. დონორების საქმიანობის კოორდინაცია გულისხმობს განვითარების პარტნიორების მიერ უზრუნველყოფილი საგარეო დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და დუბლირებული აქტივობების თავიდან აცილებას.
სემინარს, რომელსაც მოდერაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, 19 სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები