“ჩემი როლი არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი, ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა” – პაველ ჰერჩინსკი

“ჩემი როლი არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი ან არ დაუჭირონ, ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი როლია, ვუთხრა ყველას, რა ეხმარება საქართველოს წინსვლაში, რათა ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველომ ორ წელზე მეტი ხნის წინ შეიტანა ევროკავშირის წევრობის განაცხადი. აქ გამომგზავნეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია ქართული ხელისუფლების მიმართ. ჩემი როლი არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი ან არ დაუჭირონ. ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის, როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა და მკაფიოდ, რა ეხმარება საქართველოს წინსვლაში, რათა ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი და რა ეწინააღმდეგება ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომას.

ეს არის ის, რასაც ვცდილობ გავაკეთო პირველი დღიდან. ასევე, ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც, როგორც ვიცით, მხარდაჭერილია ქართველების უმრავლესობის მიერ, ჩაწერილია თქვენს კონსტიტუციაში და მხარდაჭერილია, როგორც მესმის, ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ. ბოდიში, რომ არ ვარ თავმდაბალი, მაგრამ მართლა ბედნიერი ვარ, რომ როგორც ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ასევე ჩემი როლია, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ევროკავშირს ჩვენს განკარგულებაში, რათა დავეხმაროთ ამ პროცესის წინსვლას, მაგრამ ახლა ეს პროცესი ქართული ხელისუფლების ხელშია”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები