“2020 წელს ყალბი დასკვნით ოპოზიციას მისცეს საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის, ახლაც ვხედავთ, საით მიდიან ეს „ენჯეოები“; არის მოლოდინი, რომ იქნება იგივე სიყალბე” – პაპუაშვილი

ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან პირდაპირი დასტური მათი პარტიულობისა, ვინაიდან ისინი ამას არათუ დარღვევად ასახავენ, არამედ ახალისებენ ამ დარღვევას და იწონებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა „მთავარი არხის“ „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას, რომ სამივე ტელევიზია უარს ამბობს ეთერში „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების განთავსებაზე.

„გავეცანი ამ ფაქტის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას. ეს ის „ენჯეოები“ არიან, რომლებთაც 2020 წელს, 4 ნოემბერს გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს გვიან გამოქვეყნდა არჩევნების შედეგები და ა.შ. თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო დისბალანსი – ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას მისცეს საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის.

ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვნახეთ. თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა, რომ სარეკლამო რგოლი არ გაუშვან და დარღვევა გაამართლა. ეს პირდაპირ აჩვენებს, რისთვის ემზადება ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფი ამ არჩევნების დროს. არის მოლოდინი, რომ 26-ის დღის ბოლოს ან 27-ში იქნება იგივე სიყალბე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები