საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ბაქოს კინოფესტივალზე ეროვნული სტენდით წარდგა
2-8 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პირველად იმართება საერთაშორისო კინოფესტივალი (Baku Cinema Breeze), რომელიც აერთიანებს ბაქოს მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალს, ბაქოს მე-8 დოკუმენტიკურ საერთაშორისო კინოფესტივალს, ბაქოს მე-7 ანიმაციურ კინოფესტივალს, თურქული ანიმაციის ფესტივალსა (ATA) და აღმოსავლური და შუა აზიის ქვეყნების კინობაზარს (Orient and Middle Asia Countries Cinema Market), რომელშიც ეროვნულმა კინოცენტრმა თავისი ეროვნული სტენდით მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები ფესტივალის კინობაზრობაზე აზერბაიჯანის კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARCA) ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან. კინოცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფინეთის, კანადის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, თურქეთისა და ბელგიის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან. მხარეებმა შეხვედრებზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
კინობაზრობის ფარგლებში გაიმართა პანელ-დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ცხვედიანმა. დისკუსიაზე განიხილეს თემები: კოპროდუქცია, როგორც ქვეყნების საერთო ინტერესი; კინოფონდებთან მუშაობის გამოცდილების სპეციფიკა; საავტორო კინოს დისტრიბუციის ხერხები და კინობაზრობის მნიშვნელობა კინოინდუსტრიისთვის.
წელს ბაქოს კინოფესტივალზე თანამედროვე ქართული ანიმაციის პროგრამაში წარდგენილი იქნება ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელისა და „თოფუზის“ ანიმაციური კინოფესტივალის დირექტორის, ზურაბ დიასამიძის, საპროდიუსერო კომპანია „მიფასი ფილმსის“ მიერ შექმნილი ნამუშევრები: „პომიდორი“, „კედელი ჩემს სახლში“, „თავისუფლება“, „ცხელი ჩაი წვიმიან ამინდში“, „რეჟისორი“, „გოდერძი“ (რეჟისორი პეტრე თომაძე), „მამა“ (რეჟისორი არჩილ კუხიანიძე), „მოკლე საუბარი“, „სამეფო მასხარა“ (რეჟისორი საბა ქარსელაძე) და „მაგიური საღამო“ (რეჟისორი არსენ ოქრუაშვილი).