დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან, კახა გულედანთან, ანდრია ბასილაიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

„ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული და გალამაზებული ყოფილიყო, რათა ყველა თაობის ადამიანს სასიამოვნო საღამოების გატარების საშუალება ჰქონოდა. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ნაძალადევის გამგეობას, გამგებელს და ირაკლი ხელაძეს. მადლობას ვუხდი გამგეობის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის და გალამაზებული სივრცისთვის.

განვაგრძობთ დედაქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელებას. ყველა უბანში, რაიონში უნდა არსებობდეს რეკრეაციული სივრცეები. უნდა გავამწვანოთ, გავაფერადოთ ჩვენი დედაქალაქი და საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ამისთვის კი მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეკონომიკური განვითარება გვქონდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დასრულებული პროექტი, დედაქალაქის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 7 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სარწყავი და გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, ვიდეომონიტორინგის კამერები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. ჩატარდა კედლების მოხატვისა და გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სკვერის გახსნის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახურის ორგანიზებით, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის ბენდმა „ქიმერა“ დაუკრა.

პროექტი კონტრაქტორმა კომპანიებმა „ქუალითი“ და „დავითი“ შეასრულეს, მის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 723 390 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები