შალვა კიღურაძის ოჯახმა ეროვნულ არქივს რეპრესირებული ინჟინრის პირადი არქივი გადასცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შალვა კიღურაძის შვილმა ნინო კიღურაძემ მამის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები გადასცა.
ამის შესახებ “კვირას” ეროვნული არქივიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინჟინერი შალვა კიღურაძე სტალინურ რეპრესიებს შეეწირა. თბილისის წყლით მომარაგების პროექტის ხელმძღვანელი ნატახტრის წყალსადენის გახსნიდან 4 წელიწადში, 1937 წელს, დააპატიმრეს, ბრალად დასდეს თბილისის წყლის მოწამვლა და დახვრიტეს. მასთან დაკავშირებით არქივებში ამ დრომდე მწირი ინფორმაცია იყო დაცული.

“ეროვნული არქივისათვის გადაცემულ დოკუმენტებს შორისაა შალვა კიღურაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა: ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, წიგნები და საგაზეთო პუბლიკაციები.

შალვა კიღურაძე 1897 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ვანისქედში დაიბადა. 1915-1917 წლებში იყო სოციალ-ფედერალისტთა რევოლუციურ პარტიაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში მუშაობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი.

1927 წლიდან სათავეში ჩაუდგა დედაქალაქის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის საქმიანობას. მის სახელს უკავშირდება ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობა, ვერის დაღმართის რეკონსტრუქცია, თამარ მეფის (ყოფილი ჩელუსკინელების) ხიდის მშენებლობა. 1930-იანი წლების დასაწყისში „ნატახტარმშენის” უფროსად დაინიშნა და თბილისის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემის გადაჭრა წარმატებით მოახერხა.

შალვა კიღურაძის პირადი ფონდი უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდების ნაწილი გახდა. დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების შემდეგ ის დაინტერესებული პირებისათვის მკვლევართა დარბაზის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები