8 ოქტომბერს ხელოვნების მუზეუმის ახალ შენობაში მუდმივმოქმედი გამოფენები პირველად გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში, არსებობის ისტორიაში პირველად, სამი მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნება. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია: „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“; „ქართული ხელოვნება. 1900-1930“ და „პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე – „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“ – წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების ქვაზე კვეთილობის ნიმუშები, რომლებიც ფიგურული გამოსახულებებისა თუ ორნამენტული დეკორის სახით ამკობდა ქრისტიანული ტაძრების ფასადებსა და ინტერიერებს.
„ქართული ხელოვნება 1900-1930“ მიზნად ისახავს, საზოგადოებას წარუდგინოს ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც აყალიბებს მხატვრული ინოვაციებისა და კულტურული ტრანსფორმაციის ეპოქას. თხრობა იწყება ნიკო ფიროსმანის ბრწყინვალე ნამუშევრებით, რომლებსაც გადავყავართ ფიროსმანის სამყაროში. ამ პერიოდის ქართული ხელოვნების განვითარების სურათს ქმნის გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დიმიტრი შევარდნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებიც. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია დიდი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის, ქანდაკება – „აბსტრაქტული ფორმა“ (თითბერი), რომელიც რეკონსტრუირებულია მოქანდაკე რეზო ხასიას მიერ.
გამოფენა – „პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“ – გვაცნობს ევროპული ხელოვნების შთამბეჭდავ ევოლუციას XIV საუკუნიდან XX საუკუნის 1930-იან წლებამდე. ქრონოლოგიურად წარმოდგენილი ექსპოზიცია, გავლენიან სამხატვრო სკოლებსა და ისტორიულ ცენტრებთან ერთად, წარმოაჩენს სტილის, ტექნიკის, ჟანრებისა და თემების ცვლილებებს, რომლებმაც განაპირობა სხვადასხვა ეპოქაში ევროპული ხელოვნების ფორმირება. გამოფენაზე წარმოდგენილია პაოლო ვენეციანოს, ბერნარდო დადის, ლუკას კრანახ უფროსის, გვიდო რენის, ჟაკ ლუი დავიდი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი უნივერსალური კონცეფციის შესაბამისად, გამოფენა მეტად ხელმისაწვდომი გახდა უსინათლო და მცირედ მხედველი დამთვალიერებლებისთვის. ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს განაპირობებს ინკლუზიური ტიპის დაგეგმარება, რომელიც გულისხმობს სივრცის ადაპტირებას. სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრების ტაქტილური რელიეფური ასლები (ნიკო ფიროსმანის „აქიმი ვირზე“ და დავით კაკაბაძის „იმერეთი – დედაჩემი“). ეს საქართველოში გამოფენაზე ამ სახის ობიექტების დამატების პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილ 18 ნამუშევარს ახლავს აუდიოაღწერა. ექსპონატთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე  ორგანიზაცია „მარიანი“ მუშაობდა.
გამოფენების დათვალიერება 8 ოქტომბრის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები