ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი მილანსა და რომში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
ფოლკლორული საარქივო მასალების მოძიება – კატალოგიზაციის პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე მილანის ლა სკალას თეატრსა და რომის სანტა ჩეჩილიას არქივში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, იტალიაში მოკვლეული მასალების მიხედვით, სამომავლოდ იგეგმება კატალოგის მომზადება და სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე – Folkcatalog.ge -ზე განთავსება.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, რომში, სანტა ჩეჩილიას არქივში დაცულია ქართველი ებრაელების სიმღერა-საგალობლები, ჩაწერილი 1950-60-იან წლებში, ლეო ლევის მიერ.
ლა სკალას არქივში მოსაკვლევია მასალა, რომელიც ასახავს ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლის, ოპერის პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერლის, ცნობილი ბანის (Basso profondo) ფილიმონ ქორიძის (1835 – 1911) მოღვაწეობას იტალიაში.
ფილიმონ ქორიძე, საქართველოში ჩამოსული იტალიელი მუსიკოსების რჩევით, მილანში გაემგზავრა და პროფესორ რონკონის ხელმძღვანელობით, ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა. გამორჩეული მუსიკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდა, XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, იტალიაში „კორიჯიოს“/„კორიჯის“ ფსევდონიმით მოღვაწეობდა და ლა სკალას სცენაზეც დიდი წარმატებით სარგებლობდა.
ფილიმონ ქორიძე 1881 წელს საგასტროლოდ საქართველოში მიიწვიეს. სამშობლოში დაბრუნებულმა, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა დიდი მისიის შესასრულებლად: ფილიმონ ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ზეპირ ტრადიციად შემორჩენილი ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერის ნიმუშები ნოტებზე (ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე) გადაიტანა. დიდმა ფოლკლორისტმა, ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორმა და ლოტბარმა 6000-მდე ნაწარმოების სანოტო ჩანაწერი შეუნარჩუნა მსოფლიო კულტურას. საქართველოს პოლიფონიური მემკვიდრეობის გადამრჩენი 2011 წლიდან შერაცხულია წმინდანად, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს იტალიაში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ირაკლი ვეკუას. ასევე იტალიის საელჩოს საქართველოში, ქალბატონ ნინო კილოსანიძეს“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.