“საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე” – საგარეო საქმეთა სამინისტრო
“ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს ისრაელში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს, ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს.
„ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი, საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა რვა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
განეიტრალებულია თავდასხმის მონაწილე ორი ტერორისტი.