“ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – მაჭარაშვილი

“ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არ სურს დეოკუპაციის პროცესი მშვიდობიანად.

“თუ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება პრაქტიკული, ანუ გადადგამს რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და, იმავდროულად, მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზოგადად საქართველოდან ჯარების გაყვანას, ჩვენ დავრწმუნდებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების ხარისხიანობაში.

რადგან ჩვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, კიდევ ერთხელ რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ სურს დეოკუპაციის პროცესი მშვიდობიანად, არამედ სურს მათ მიერვე დაანონსებული ომი და სამხედრო კონფლიქტი ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები