კახა კალაძე – სერგეი ლავროვის განცხადებაზე: აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად; ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.

„ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

„რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები