გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მემორიალთან შეიკრიბნენ აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს 31 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა სულების ხსოვნას.

“დღეს შევიკრიბეთ და პატივს მივაგეთ ჩვენს გმირებს.

სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

31 წელი გავიდა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები და მშობლიური მიწიდან დევნილი უამრავი ადამიანი.

აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მჯერა, რომ მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს და ვიცხოვრებთ ძლიერ საქართველოში.” – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით გორში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები