ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე არეალების შექმნას

რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში 40 ძირი არყის ხე დაირგო. გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავის ურბანული განვითარება გრძელდება.

,,რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე არეალების შექმნას. დღესაც, ჩვენს პარლამენტარებთან და ახალგაზრდებთან ერთად, გვქონდა გამწვანების აქცია. 40 ათწლოვანი არყის ხე დავრგეთ ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელ ახალ ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაციაც ახლახან დავასრულეთ. დღემდე, ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა და ქალაქის გენგეგმით იყო გათვალისწინებული. რუსთავის ურბანული განვითარება გრძელდება და სწორედ ამ ტიპის ახალი ინფრასტრუქტურა და გამწვანება აძლევს ქალაქს ევროპულ და თანამედროვე იერსახეს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მწვანე სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

ირაკლი შატაკიშვილის თქმით, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც არსებული გზების რეაბილიტაცია, ასევე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

,,რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარე წელს 40-მდე მისამართზე განხორციელდა სამუშაოები. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც არსებული გზების რეაბილიტაცია, ასევე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გამწვანების აქცია გაიმართა დღეს აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. ეს გზა ძალიან ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რადგან რამდენიმე მიკრორაიონს აკავშირებს ერთმანეთთან. განტვირთავს ცენტრალურ გზას და შეამცირებს გადაადგილების დროს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აფხაზეთის ქუჩაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი აირისა და ელექტროკომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი და მოეწყო 500 მმ დიამეტრის კოლექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები