დღეს გამოჩენილი რეჟისორი და პედაგოგი გაიოზ (გიზო) ჟორდანია 90 წლის გახდებოდა
დღეს გამოჩენილი რეჟისორი და პედაგოგი გაიოზ (გიზო) ჟორდანია 90 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გიზო ჟორდანიას ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის განსაკუთრებულ დამსახურებას.
გიზო ჟორდანიას ღვაწლის პატივსაცემად, 25 სექტემბერს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რეჟისორის 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიას მისი სახელი მიენიჭება.
გიზო ჟორდანია მუშაობდა ბათუმის (1961-65), შოთა რუსთაველის სახელობის (1965-70), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის (1970-79), ა. გრიბოედოვის სახელობის (1979-86) თეატრებში. 1985 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე, 1996 წლიდან – რეჟისურის კათედრის გამგე, 1991-99 წლებში კი – ამავე ინსტიტუტის რექტორი.
მისი დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ჯ. ფლეტჩერის „მომრჯულებლის მომრჯულებელი“, ჟ. კოკტოს „წარმოუდგენელი მშობლები“, თ. ჭილაძის „აკვარიუმი“, ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“, კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, რ. ლაღიძის „ლელა“, ო. თაქთაქიშვილის „სამი ნოველა“, „მინდია“, „მთვარის მოტაცება“ (დაჯილდოვდა პრემიით 1977-78 წლების თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის), მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, ვ. ვარფალამეევის „წმინდანი და ცოდვილი“ (დაჯილდოვდა პრემიით 1979-80 წლების სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის), ა. სუმბათაშვილის „ღალატი“, ა. სტავიცკის „შოლომ-ალეიხემის ქუჩა, სახლი №40“, ა. კაზანცევის „ძველი სახლი“, ფ. გუდრიჩისა და ა. ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, მ. ჯავახიშვილის „მუსუსი“ (1993 წელს საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით) და სხვა. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრში დადგა ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“. ამ სპექტაკლისათვის გ. ჟორდანია დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით.
მისი რეჟისორული ხელწერა მოვლენათა კალეიდოსკოპური აღქმით ხასიათდება. სწორედ აქ მჟღავნდება ყველაზე უკეთ მისი სხარტი აზროვნება, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, იუმორი.
გიზო ჟორდანია მახვილგონივრული ჟანრული კოლორიტისა და ტიპაჟის გამორჩეული ოსტატია. მძაფრი სატირული ქვეტექსტები, მუსიკალური პაროდიები მის ნამუშევრებს საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
იგი იყო არაერთი კონცერტისა თუ სახალხო ზეიმის დამდგმელი რეჟისორიც.
მნიშვნელოვანია გ. ჟორდანიას წვლილი უცხოეთში ქართული ოპერის წარმოჩენაში. ქალაქ ზაარბრიუკენში მან დადგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, ო. თაქთაქიშვილის „მინდია“. ამ სპექტაკლებისთვის რეჟისორს ალბერტ შვეიცერის მშვიდობის მედალი გადაეცა.
გიზო ჟორდანიას აქტიორული ბუნების ამოცნობის უტყუარი ალღო ჰქონდა. ამის დასტურია ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პროფესორ გიზო ჟორდანიას სტუდენტთა ჯგუფით (1986 წლის გამოშვება: მ. ნინიძე, ნ. თარხან-მოურავი, ი. მაჭარაშვილი, ნ. ხუსკივაძე, გ. კაპანაძე, ქ. ჩხეიძე, ნ. შონია და სხვ.) შედგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენის ახალი დასი. მათი პირველი სპექტაკლი იყო დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“.
გ. ჟორდანია მონაწილეობს ფილმებში: „ბესამე“ (ჰერცოგი), „დანაშაული ჩადენილია“ (მხატვარი).
1989 წელს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ბ. ვასილიევის პიესის „ამაღამ მგონი იქნება ქარი” დადგმისათვის რეჟისორი დაჯილდოვდა ო. პოპოვის სახელობის საერთაშორისო მედლით და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიით, 1992 წელს კი უ. შექსპირის „ჰამლეტის“ დადგმისთვის მას ს. ახმეტელის სახელობის პრემია მიენიჭა.
სიცოცხლის ბოლო წლებში სახელოვანი ხელოვანის სარეჟისორო და პედაგოგიური ნიჭი წარმოჩნდა ბათუმშიც, სადაც, თბილისში საქმიანობის პარალელურად, დადგა შესანიშნავი საოპერო სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (ამ დადგმისათვის მიენიჭა მ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია), ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, რ ლაღიძის „ლელა“ (1994 წელს ამ სპექტაკლების დადგმისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია). აღსანიშნავია მისი, როგორც რექტორის, საქმიანობა ბათუმის მ. აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში, რომელსაც რეჟისორი 1999-2004 წლებში ხელმძღვანელობდა.
გ. ჟორდანიამ ბათუმში დადგა მსოფლიოში პირველი საბავშვო ოპერა კ. გოცის „პრინცესა ტურანდოტის“ მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იყო ნაწყვეტები კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. ამ დადგმისთვის მას 2003 წელს მიენიჭა ტბელ აბუსერიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1965 წელს მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 1972 წელს – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1983 წელს – საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.