იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა ჩინეთის პროვინციის, კუეიჭოუს დელეგაციას უმასპინძლა

იმერეთს საქმიანი ვიზიტით პირველად სტუმრობს კუეიჭოუს პროვინციის ვიცე გუბერნატორი, პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ძია ლიძუნი.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს, რის შედეგადაც ახალ ეტაპზე გადავა როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.

დელეგაციების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული, საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის დაწესება, რაც მათივე თქმით კიდევ, უფრო ზრდის ტურიზმის სფეროს ინტერესს საქართველოს მიმართ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, სადაც სტუმრებს იმერეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონის ეკონომიკურ, ინდუსტრიულ და ტურისტულ მიმართულებაზე.

ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე მრავალწლიანი მეგობრობის გაძლიერებისთვის მზადაა.

“საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მეგობრობა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ძლიერდება. მყარია როგორც პოლიტიკური ნდობა, ასევე ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობა. სახელმწიფოებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონის დონეზე დაწყებული ახალი პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. დღევანდელი შეხვედრა კი არის შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავეცნოთ ჩვენი რეგიონების პოტენციალს და გავზარდოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმერული ღვინის პოპულარიზაციისთვის ახალი ბაზრების მოძიება და ამ მიმართულებით უკვე არსებული სავაჭრო გზების გაფართოება. ჩინეთი, როგორც საექსპორტო ქვეყანა იწვევს მაღალ ინტერესს და უნდა შევძლოთ მყარი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მრავალწლიანი მეგობრობის გაძლიერებისთვის”, – აღნიშნა შეხვედრაზე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქუთაისისა და წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სხვა შეხვედრებსაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები