მედია: ტრამპის საარჩევნო შტაბმა ციფრულ სარეკლამო კამპანიაში, ჯორჯიის შტატის ნაცვლად, საქართველოს ფოტო გამოიყენა

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ციფრულ სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ჯორჯიის შტატის „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს ფოტო გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებულ პოსტში ტრამპის კამპანიის გვერდი მოუწოდებდა ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებს, შეემოწმებინათ, დარეგისტრირდნენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად. პოსტს თან ახლდა ქარდი მთის გამოსახულებით. ეს მთა კი არა ჯორჯიის შტატში, არამედ საქართველოში მდებარეობს.

„ფოტოზე გამოსახული ქედი არ არის ჯორჯიის შტატში. Shutterstock-ის მონაცემებით, ეს ხედი საქართველოშია – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს კავკასიაში“, – წერს ამერიკული მედია.

როგორც მედია იუწყება, საარჩევნო რეკლამაზე დატანილი ფოტო ვებგვერდ Shutterstock-ზე იყიდება, სადაც დაადასტურეს, რომ ის საქართველოშია გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ეს საარჩევნო პოსტი სოციალური ქსელიდან უკვე წაშლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები