“ახალ სააღმზრდელო წელს, პრაქტიკულად, 5 ახალი საბავშვო ბაღით შევხვდით, მივაღწიეთ იმას, რომ აღსაზრდელებისთვის 2 000-მდე დამატებითი ადგილი შეიქმნა” – საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
“ახალ სააღმზრდელო წელს, პრაქტიკულად, 5 ახალი საბავშვო ბაღით შევხვდით. აღნიშნული პროექტებით და არსებულ ბაღებში გამოთავისუფლებული ჯგუფების რაოდენობით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ აღსაზრდელებისთვის 2 000-მდე დამატებითი ადგილი შეიქმნა” – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბულაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
“თბილისის ბაგა – ბაღებში სააღმზრდელო წელი აქტიურად დაიწყო, რომელსაც ჩვენ მნიშვნელოვანი სიახლეებით შევხვდით. თბილისში საბავშვო ბაღის 4 ახალი შენობა გაიხსნა, რომელთაგან 1 დიდუბის რაიონში მდებარეობს. მისი დემონტაჟი 2019 წელს მოხდა და სრულიად ახალი შენობა აშენდა, მე-19 ბაღი ალტერნატიული ფართიდან თავის ახალ ბაღს დაუბრუნდა. სრულად რეაბილიტირებულ შენობაში კრწანისის რაიონში 71-ე ბაღი დაბრუნდა, ასევე მეორე ბაღი ჩუღურეთის რაიონში და ისნის რაიონში სრულიად ახალი, 124-ე ბაღი გაიხსნა, რომელმაც კონტინგენტი პირველად მიიღო. თვის ბოლოს თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ დიდ ბაღს გავხსნით, ესაა 30-ე ბაღი. ახალ სააღმზრდელო წელს, პრაქტიკულად, 5 ახალი საბავშვო ბაღით შევხვდით. აღნიშნული პროექტებით და არსებულ ბაღებში გამოთავისუფლებული ჯგუფების რაოდენობით ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ აღსაზრდელებისთვის 2 000-მდე დამატებითი ადგილი შეიქმნა. უკვე 62 000-მდე აღსაზრდელის მიღება შეგვიძლია, რამაც დასახელებულ რაიონებში არსებული ბაღები, გარკვეულწილად, მნიშვნელოვნად განტვირთა. სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თუმცა, არის რაიონები, სადაც ჩვენ ამ კუთხით გამოწვევა გვაქვს და ამას ემსახურება ის ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქის მერმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ძალიან მალე ახალი პროექტებით მშენებლობის დაწყებას დავაანონსებთ”, – განაცხადა კახა აბულაძემ.
მისივე თქმით, კონკრეტულ დასახლებებში ბაღები განიტვირთა, ახალ ბაღებს კი კიდევ დარჩა სივრცე და რესურსი, რომ ახალი აღსაზრდელები მიიღოს.
“ამ ეტაპისთვის 16 000 ახალი აღსაზრდელი გვყავს რეგისტრირებული, თუმცა კიდევ გვაქვს რესურსი, რომ პატარები მივიღოთ. მაგალითად, 124-ე ბაღში ადგილები კიდევაა თავისუფალი; 30-ე ბაღში, სადაც რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს და თვის ბოლოს უნდა გაიხსნას, თავისუფალი ადგილები არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დასახლებებში განიტვირთა ის ბაღები, სადაც კონტინგენტი განაწილებული იყოს. ახალ ბაღებს კიდევ დარჩათ სივრცე და რესურსი, რომ ახალი აღსაზრდელების რაოდენობა მიიღოს. უმსხვილესი პროექტებია დაწყებული გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, 50-ე საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი უდიდესი პროექტის განხორციელება სამგორის რაიონში 28-ე ბაღის სახით მიმდინარეობს , აქტიურ ფაზაშია ისნის რაიონში, 37-ე ბაღის რეაბილიტაციის პროექტი. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ჩვენ რამდენიმე ბაღის მშენებლობის დაწყებას ვაანონსებთ, სატენდერო პროცედურებზე შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.
ამ კუთხით გამოწვევა ნაძალადევის რაიონშია, ამ რაიონს ახალი პროექტი მოემსახურება, გამოწვევა ასევე ცენტრალურ რაიონებში გვაქვს. ამ მიზნით ხორციელდება, მაგალითად, 211-ე ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი. ესაა სააკაძის მოედანთან ახლოს მდებარე ბაღი, სადაც ტერიტორიულად შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ახალი და დიდი ბაღი გავაშენოთ, თუმცა ასეთ დროს იმის პროექტულად გადაწყვეტა ხდება , რომ გარკვეული სივრცეები დაშენდეს, რა ზღვრებშიც ტექნიკური რეგლამენტები შესაძლებლობას იძლევა”, – განაცხადა აბულაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ზაფხულის განმავლობაში 12 ბაღი განახლდა.
“გარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ახალ სააღმზრდელო წელს თბილისის 12 საბავშვო ბაღი სრულიად განახლებული ინტერიერით, ფასადით და ეზოებით შეხვდა. ერთია ახალი ბაღების მშენებლობა, მეორეა არსებული ბაღები, რომელთა მდგომარეობა ყოველწლიურად გადახედვას საჭიროებს, რათა სტანდარტების მდგრადობა და პირობების გაუმჯობესება იქნას მიღწეული იმ ბაღებში, რომელთაც ეს სჭირდება. ამ მიზნით გასულ წელს განახლების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ბაღები შეირჩევა. მიმდინარე წელს, ზაფხულის განმავლობაში, უმოკლეს ვადაში 12 ბაღი განახლდა. გარდა განახლების აქტივობისა, ჩვენ 115 ბაღში დავაფინანსეთ საშუალო სარემონტო სამუშაოები, რომელიც გარკვეული სააღმზრდელო ჯგუფების, სამზარეულო ბლოკების, სასაწყობე სივრცეების კაპიტალურ კეთილმოწყობას ემსახურებოდა. აღნიშნული პროექტებიც წარმატებით დასრულდა. მთლიანად აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ ახალი ბაღების მშენებლობის სახით 18 მილიონამდე ლარი შეადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ხოლო განახლების პროგრამაში ჩასმული და სარემონტო სამუშაოების შედეგად გარემონტებული ბაღების მთლიანი ბიუჯეტის რაოდენობამ 8 მილიონამდე ლარი შეადგინა, რომელიც ასევე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მნიშვნელოვანია ყველა ის მომსახურება და საქონელი, რომელსაც ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისთვის ვიღებთ. მიმდინარე წელს განახლდა და დაემატა მეთოდოლოგიური რესურსები, რომელიც გულისხმობდა სახელმძღვანელოებს, მეთოდურ ლიტერატურას , სათამაშოებს, სხვა სახის მომსახურებებს. აღნიშნულ აქტივობებს 1 მილიონამდე ლარი მოხმარდა და ყველა ბაღში სათამაშოების, რესურსული მასალების გამდიდრება, განახლება მოხდა.
ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლითაც თბილისი ახალ სააღმზრდელო წელს შეხვდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ახალი პროექტების დაანონსებასაც მალე მოვახდენთ. რაც მინდა, გამოვყო: მნიშვნელოვანია ჩვენი პერსონალის მხარდაჭერის ნაწილი, კვალიფიკაციის ამაღლება , რაც სააღმზრდელო პროცესის ხარისხის აწევასთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენ აქტიურად ვიწყებთ და ვაფართოებთ იმ პროგრამებს , რომელიც ჩვენი პერსონალის გადამზადებას ემსახურება, ამისთვის არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. ეტაპობრივად, ამ სიახლეებთან დაკავშირებით მეტი დეტალით ინფორმაციას მოგაწვდით როგორც ჩვენს პერსონალს, ასევე საზოგადოებას”, – განაცხადა კახა აბულაძემ.
მან ბაღების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“2025 წლიდან ბაღების ავტორიზაციის პროცესი იწყება. განათლების სამინისტროს ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალენდარი უკვე მომზადებული აქვს. ყველა ბაღი, რომელიც ამ კალენდრითაა გათვალისწინებული, ავტორიზაციის პროცესს გაივლის. ამისთვის ბიუჯეტურად ყველა პარამეტრი მომზადებული გვაქვს, რათა ამ პროცესს მზად შევხვდეთ. პროცესი საკმაოდ კომპლექსურია როგორც თანამშრომლების, პერსონალის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. ყველანაირად ვიქნებით მზად, რომ თბილისის ყველა ბაღმა ავტორიზაცია გაიაროს” – განაცხადა აბულაძემ.
თამუნა შეყილაძე