„თითქოს ფერადი ბომბები სკდებოდა. მოსვენებას არ მაძლევდა ეს ფერადი სიზმრები“…

დაიბადა და გაიზარდა იმერეთის ულამაზეს სოფელ ოფურჩხეთში.  აქვს ორი უმაღლესი განათლება: ინჟინერ-ტექნოლოგის და ჩაის ტიტესტერის. 1988 წლიდან მუშაობდა ჩაის ფაბრიკაში ცვლის უფროსად. ჩაის ფაბრიკის დახურვის შემდეგ ცხოვრობს ბათუმში.
მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში თავისი სპეციალობით. ბოლო რამდენიმე წელია, აღმოაჩინა იაპონური ტექნიკა „კინუსაიგა“ – ქსოვილებით შექმნილი მოზაიკა. ცხოვრობს ბათუმში, მონაწილეობს გამოფენებში. – ნესტან ავალიანის პერსონა.

–  იმერეთის სოფელ ოფურჩხეთში დაიბადეთ. რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, და თუკი რამ ფერადი და თბილია ჩემს ნამუშევრებში, სწორედ ბავშვობის მოგონებები და ფერებია.
დავიბადე და გავიზარდე ქუთაისთან ახლოს, სოფელ ოფურჩხეთში.  ეს იყო სოფელი, სადაც იყო ყველაფერი და არავინ არ ტოვებდა მას მაშინ. საოცარი ბავშვობა მქონდა, ლაღი და ბედნიერი. დიდებული ადამიანების ოჯახში გავჩნდი და სიყვარულით და ღირსებით გაგვზარდეს მე და ჩემი ძმა. არ არსებობდა აუხდენელი ოცნება ჩვენთვის, განსაკუთრებით რაც განათლებას და რაიმე ახლის შეცნობასთან იყო დაკავშირებული.
მშობლებთან ერთად საოცარი ბებია მყავდა, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ჩემს აზროვნებასა და ჩამოყალიბებაში. ვერ იტანდა კომუნისტებს და ჩვენც ასე გაგვზარდა. რეპრესირებული და დახვრეტილი გვყავდა წინაპრები და ბებია გვიყვებოდა მათ ისტორიებს. გვარი და ოჯახი რომ არ უნდა შეგვერცხვინა, დიდხანს გამყვა შეგონებად.
– ორი უმაღლესი დაამთავრეთ. ალბათ მაშინ ვერც წარმოიდგენდით, რომ ხატვას დაიწყებდით?
– ვიყავი საუკეთესო მოსწავლე, ორი გამოცდით ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, მაქვს ორი უმაღლესი განათლება. ვარ ინჟინერ-ტექნოლოგი და  ჩაის დეგუსტატორი ანუ ტიტესტერი.
1988 წლიდან მუშაობა დავიწყე ჩაის ფაბრიკაში და იმდენად მომწონდა ჩემი სამსახური,  რომ დღემდე მესიზმრება ის სურნელი, რაც ჩაის ფაბრიკაში იდგა. ძალიან წარმატებული წლები იყო, რადგან ოთხმოცდაათიანებში მხოლოდ ჩვენი ჩაის სისტემა მუშაობდა. მიუხედავად ამისა, დაიხურა ჩაის ფაბრიკა და აღმოვჩნდი ბათუმში.
1996 წელს დავიწყე მუშაობა ძალიან წარმატებულ და დიდ კომპანია „ომეგაში”. საოცარი წლები იყო, 24 წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და, სამწუხაროდ, დაიხურა.
–   ჰობი იქცა თქვენს ძირითად საქმიანობად…
– მთელ ამ ორომტრიალში,  ციფრებით და ცხრილებით დატვირთულ ჩემს თავში, მთელი ეს წლები, თითქოს ფერადი ბომბები სკდებოდა. მაწუხებდა და მოსვენებას არ მაძლევდა ეს ფერადი სიზმრები.
– იაპონური ტექნიკა კინუსაიგა ქსოვილებით შექმნილი მოზაიკაა. პირველი ხართ, ვინც ეს ტექნიკა გამოიყენა…
– დავრჩი უმუშევარი და ამ დროს მისი უდიდებულესობა შემთხვევა – პინტერესტზე შემხვდა კინუსაიგას ტექნიკით შესრულებული ნახატი. იმავე დღეს  ვიპოვე ორი პენოპლასტი, დავჭერი ჩემი შვილის  ძველი მაისურები და…  გამომივიდა.
ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რაც მაშინ მქონდა. მთელი ჩემი  ცხოვრების ნატვრა ავიხდინე. დავხატე. ეს არის ის, რასაც ამდენ ხანს ვეძებდი. თან საქართველოში არავინ არ მუშაობს.
ფუძედ ვიყენებ პენოპლექსს, ვხატავ და შემდეგ ჭრილებში ვამაგრებ ქსოვილს.  არ მოიპოვება ინფორმაცია და მასალებიც ჩემით აღმოვაჩინე. ვაგროვებ უამრავ ქსოვილს, ფერადს და კარგი ხარისხისას.
– ჩაისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. ჩაის თემატიკასაც შეეხეთ…
– როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემს ნახატებში ჩაი არ ყოფილიყო.

„ფუძიამა და საკურა“

– იაპონურ  თემატიკაზე  სერია შექმენით…
– იაპონური ნამუშევრების სერია იაპონური გამოფენისთვის შევქმენი და ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, ვერ ვჩერდები. იაპონური ყველაფერი მომწონს, მაგრამ თავშეკავებულად უნდა ყველაფერი, რომ რაიმე არ შემეშალოს, თუნდაც ჩაის ცერემონია. იმდენად სათუთად მიაჩნიათ, რომ ბევრი ფერი ვერ ვიხმარე, ის ატმოსფერო რომ არ გამეფუჭებინა.
ყველაზე უფრო იაპონური თემატიკიდან „ფუძიამა და საკურა“ მომწონს. ძალიან ცოტა ფერი ვიხმარე და ბოლომდე არ მეგონა, თუ რამე გამოვიდოდა. შედეგმა გამაოცა.
–   ერთი ნამუშევრის  ისტორია.
– ბევრი აივანი  დავხატე. ჩემს ბავშვობაში სწორედ ასეთი ხის აივანი ჰქონდა ჩვენს სახლს და აივნიდან მეორე მთაზე ეკლესია მოჩანდა. იმ ეკლესიას ყველგან ვხატავ.
– სახლების სერია, კარები…
– უამრავი ლამაზი კარია ბათუმში. დავდივარ და ფოტოებს ვუღებ. პირველად ჩემი სახლი და ჩემი კარი დავხატე. ყველას ძალიან მოეწონა და მას შემდეგ სულ ვხატავ. ასე მგონია, კარი თავის პატრონს გავს. სახლები კი… თავიდან თითქოს თბილისური სახლებით დავიწყე, მაგრამ აქაც ბათუმი და ზღვა ჩავდე და რაღაც სხვა გამოვიდა.
–  ამზადებთ სათამაშოებს ქართული თემატიკით და იაპონური ტექნიკით.
– ჩემმა სათამაშოებმა ძალიან პოპულარული გამხადა ინტერნეტსივრცეში. პირველად რომ გავაკეთე და ერთ ჯგუფში დავდე, რაც მქონდა დამზადებული, ერთ დღეში გაიყიდა. ვცდილობ, ქართული თემატიკით და განსხვავებული გავაკეთო. ჩემი სვანურქუდიანი თოვლის ბაბუა ერთადერთია ქვეყანაზე.
ვინტაჟური საახალწლო ბარათების და პორტერების მიხედვით ასევე შევქმნი   სათამაშოები. ჩემს სათამაშოებში ყველა თავისი ბავშვობის მოგონებას აღმოაჩენს.
– საყვარელი ყვავილი, რომელსაც ხშირად ხატავთ….
– ძალიან მიყვარს ყვავილები. ბევრი ყვავილი მყავს. განსაკუთრებით ზამბახები და ჰორტენზიები მიყვარს. დახატულიც ბევრჯერ მაქვს. უამრავი ფერი სჭირდება ყვავილების დახატვას. ერთი წელი ვაგროვე იისფერები ზამბახის დასახატად.
–   პირველი შემფასებელი?
-პირველი შემფასებელი და სტიმულის მომცემი ჩემი ძმაა, რომელიც პროფესიით მხატვარია და რომ არა ჩემი დათო, ვერასოდეს გამოვაჩენდი ჩემს ნამუშევრებს. მან მომცა სწორი მიმართულება, რომ არასოდეს მომინდეს სხვისი ნამუშევრის გადახატვა და გამეორება, რომ ჩემი, რაც არ უნდა მარტივი იყოს, ჩემია და სწორედ ესაა განუმეორებელი.
ასევე ჩემი მეუღლე და ქალიშვილი, რომლებსაც, მართალია ექიმები არიან, მაგრამ სილამაზის საოცარი აღქმა აქვთ.
– გამოფენები, ჯილდოები…
– ყველა გამოფენაში ვმონაწილეობ, რაც ბათუმში ტარდება. ასევე მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში ჩეხეთში.
ვარ პროექტის „კულტურის ფესვების“ ერთ-ერთი მონაწილე ავტორი. შესული ვარ აღნიშნულ კრებულში.
– სამომავლო გეგმები…
– მომავალში ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გაკეთება თემაზე – „ფანჯარა ბავშვობაში”. ასევე ვოცნებობ სახელოსნოზე და მორიგი ფერადი სიზმრების გაცოცხლებაზე.

               

                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები