წამლის რეცეპტით გაცემის დაწესების გამომწვევ მიზეზებზე კვლევა ჩატარდა

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ წამლის რეცეპტით გაცემის დაწესების გამომწვევ მიზეზებზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგად „ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში ორგანიზაციის მიერ დადგინდა, რომ რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებამდე თვითმკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი არსებობდა. ფარმაცევტების მიერ მედიკამენტების არამიზნობრივად შერჩევამ, დიაგნოზის გარეშე, მეზობლის, მეგობრის თუ ნათესავის რჩევით მედიკამენტების მიღებამ, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაციამ და სააფთიაქო ნარკომანიამ საშიშ ზღვარს მიაღწია. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნით, რომ „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სერიოზული სოციალური პრობლემის წანააღმდეგ ბრძოლაა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ერის გენოფონდის შენარჩუნება. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა ეს ღონისძიება არ უნდა აღიქვას მათი „ნარკომანებისთვის შეწირვად“. „ადამიანი, კანონი თავისუფლება“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ცვლილებამ საშუალება მისცა შესაბამის უწყებებს, დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი ავად მოხმარებად სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ნარკოტიკული თრობის მისაღებად იყენებენ. მათი განცხადებით, ამ მიმართულებით გატარებული ყველა ღონისძიება ერთიანობაში საშუალებას იძლევა, დაიძლიოს პრობლემა, რომელსაც სამკურნალო საშუალებების ნარკოტიკული თრობისათვის ავად მოხმარება ჰქვია.
“ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფების კრიმინალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რეკლასიფიკაციის საფუძველზე ყველა ის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენებოდა ნარკოტიკული თრობისთვის, გადაყვანილია მეორე ჯგუფში და გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით, მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რაც კანონმდებლობით დადგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აისახება. უმთავრესი მიზეზი რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებისა, არის არარაციონალური თვითმკურნალობის არსებული დონე. ჯანმრთელობის დაცვის ფუნდამენტურ ჯაჭვში ექიმი-პაციენტი-წამალი-ფარმაცევტი ამოვარდნილი იყო ექიმის რგოლი. პაციენტები, უმეტეს შემთხვევაში, თვითმკურნალობას ეწეოდნენ დიაგნოზის გარეშე, მეზობლის, მეგობრის თუ ნათესავის რჩევით, რაც უმეტესად არაეფექტური და საფრთხის შემცველია, იკარგებოდა მკურნალობისთვის საჭირო დრო. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ეკონომიური ხარჯიც, რაც დაკავშირებული იყო არასწორი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენასთან და წამლისმიერი გართულებების სარეაბილიტაციო ხარჯებთან. დაავადების მიმდინარეობის სურათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცვლება. ამ თვალსაზრისით პაციენტი საჭიროებს განმეორებით სამედიცინო გამოკვლევებს, განმეორებით დიაგნოსტირებას, რის საფუძველზეც საჭირო ხდება მედიკამენტოზურ მკურნალობაში კორექტივის შეტანა. ამიტომ თუნდაც ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის განმეორებითი ვიზიტი ექიმთან გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია და თავად პაციენტის ინტერესებში შედის. შესაბამისად, ჩვენი შეხედულებით, ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტისთვის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა სრულიად რაციონალურია“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკოლოზ მაღალდაძე.
ნიკოლოზ მაღალდაძემ პრესკონფერენციაზე ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმი ღონისძიებებზე ისაუბრა.
„გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენი შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ გამოწვეული დისკომფორტისა და საზოგადოების შეშფოთების საფუძველზე გარკვეული დასახელების ყოველდღიურად მოხმარებადი მედიკამენტები, რომელთა რეცეპტის გარეშე გაცემა არ შეიცავს მაღალ რისკს, დაუბრუნდება ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ნუსხას. ასევე ყველა ფარმაცევტულ დაწესებულებას დაევალება გადაუდებელი სააფთიაქო ჩანთის ქონა, საიდანაც აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ურეცეპტოდ გაიცემა. აღნიშნული მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით“, – განმარტავს მაღალდაძე.
ორგანიზაცია მიმართავს საზოგადოებას, დეტალურად გაეცნონ იმ სიახლეებს, რომელიც განხორციელდა და მომავალში განხორციელდება, რათა არ მოხდეს მათი შეცდომაში შეყვანა. თავის მხრივ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები