კულტურის სამინისტროში „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრის“ წარდგენა გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნი – „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“ გამოიცა.
წარდგენას, რომელსაც კულტურის სამინისტრომ უმასპინძლა, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, თბილისისა და რეგიონების თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, მსახიობები და თეატრალური სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნის ავტორია თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მკვლევარი აღნიშნულ ნაშრომზე ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა, რა დროშიც მან თავი მოუყარა საქართველოსა და რუსეთის არქივებსა და მუზეუმების საცავებში დაცულ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ უამრავ მასალასა და ისტორიულ დოკუმენტს, რომლებიც ადასტურებს რომ პროფესიული თეატრი საქართველოში ჩამოყალიბდა არა XIX, არამედ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა სურათების გამოფენაც, რომლებიც ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის შექმნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ. მხატვარმა 27 ნახატი შექმნა, მათ შორის, თეატრის მოღვაწეთა პორტრეტები, რომელთა სახე-ხატებიც აქამდე არ არსებობდა.
წიგნის „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“ რედაქტორები არიან ისტორიკოსი გიორგი კალანდია და თეატრმცოდნე მარიკა მამაცაშვილი; წიგნის კონცეფცია, დიზაინი და ფოტო ეკუთვნის ირინა აბჟანდაძეს.
„წიგნში აღწერილია პოლიტიკურ-სოციალურ წინაპირობა, რომელმაც ხელი შეუწყო ჯერ პროფესიული დრამატურგიის, ხოლო შემდეგ თეატრის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ იმთავითვე შეიქმნა კონკურენტუნარიანი გარემო და ფუნქციონირება დაიწყო გიორგი ავალიშვილის სამეფო კარის, გაბრიელ მაიორის საერო და ხალხურ, იმპროვიზაციაზე დაფუძნებული პერფორმანსის თეატრმა, რომელიც „მაჩაბელას დასის“ სახელით არის ცნობილი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, წიგნში მოთხრობილია ქართველ მსახიობთა გმირული თავდადების შესახებ კრწანისის ომში.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტების“ კონკურსის გამარჯვებულია. წიგნი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური), გამოიცა „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის“ მიერ და დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.