უკრაინამ მონღოლეთში პუტინის ვიზიტის გამო დემარში გამოაცხადა

უკრაინის მხარემ მონღოლეთს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ გაცემული დაკავების ორდერის უგულებელყოფის გამო, დემარში გამოუცხადა,- ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„მონღოლურ მხარეს გადაეცა უკრაინის ღრმა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მონღოლეთმა, რომელსაც რომის სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი, უარი თქვა, აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მონღოლეთის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოლიტიკის დროს გაითვალისწინებს.

კიევი იმედოვნებს, რომ მონღოლური მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც აღადგენს კონსტრუქციულ, ტრადიციულ, მეგობრულ უკრაინულ-მონღოლურ ურთიერთობებს.

შეგახსენებთ, პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 2 სექტემბერს ჩავიდა, სადაც მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა. მონღოლეთმა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, მის დაკავებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები