საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას „ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს“ უწოდებენ

საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას „ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს“ უწოდებენ. როგორც „გარდიანი“ წერს, ამ საკითხზე საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების ექსპორტს და რუსეთის მიერ მათ შეძენას. ირანის სამხედრო მხარდაჭერა არის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის და გამოიწვევს ირანული რაკეტების ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას, რაც გაზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ეს ქმედება არის ესკალაცია როგორც ირანის, ისე რუსეთის მხრიდან და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ, კერძო საუბრებში და საჯაროდაც, ნათლად ვაცხადებდით, რომ მივიღებთ ახალ და მნიშვნელოვან ზომებს ირანის წინააღმდეგ, თუ რაკეტების გადაცემა მოხდებოდა. ახლა ჩვენ გვაქვს დადასტურება, რომ ირანმა განახორციელა ეს ქმედება. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავდგამთ ნაბიჯებს ირანთან ორმხრივი საჰაერო მომსახურების შეთანხმებების გასაუქმებლად.

გარდა ამისა, დავაწესებთ სანქციებს იმ მნიშვნელოვანი იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან და ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის რუსეთისთვის გადაცემასთან. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე“, – ნათქვამია ხელისუფლებების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რის გამოც ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები