ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ ხურვალეთში დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილის გაყვანა, ასევე ამომყვანების, მრიცხველებისა და გამანაწილებლების დამონტაჟება. მოსახლეობას სახლამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. პროექტის ღირებულება 280 000 ლარია. სოფელ ხურვალეთის 300-მდე ოჯახში გაზს ნოემბრის თვეში მიიღებს. გაზიფიცირების სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. გორის რაიონის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მასშტაბით საზღრისპირა სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 58 სოფელში 13 375 კომლის გაზიფიცირება მოხდება.