ლოიდ ოსტინი: ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, უკრაინაში კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება

ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება იყოს მოლაპარაკებები ომის დარეგულირებაზე, მაგრამ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან დამპყრობელი ძალების გაყვანით ომის სწრაფად დასრულება შეუძლია,  – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინ-24“) შეხვედრის შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, არის თუ არა გამარჯვება მიღწევადი, კიდევ ერთხელ, მე მივიჩნევ, რომ ეს ომი შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს, თუ პუტინი გადაწყვეტს ჯარების გაყვანას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მე ვამბობ, რომ ეს [ომი] პუტინმა დაიწყო და პუტინს შეუძლია ძალიან სწრაფად დაასრულოს ის, თუ მიიღებს მარტივ და სწორ გადაწყვეტილებას – გააუქმოს ის, რაც გააკეთა“, – აღნიშნა ოსტინმა.

ბრძოლის ველზე აბსოლუტური გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იგულისხმება ასეთ გამარჯვებაში.

„უკრაინა ორიენტირებულია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ მათ ამის გაკეთებაში“, – აღნიშნა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პუტინს მთელი უკრაინის ანექსია სურდა.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება, მაგრამ როდის დადგება ეს მომენტი, ძნელია პროგნოზირება“, – განაცხადა ოსტინმა.

მანვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას, რათა სამომავლოდ უკრაინას კვლავ დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები