შალვა პაპუაშვილი: ლგბტ თემა წყალგამყოფია ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე თუ რას ეტყვიან გარედან
„ლგბტ თემა არის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წყალგამყოფია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ ქვეყნისა და საზოგადოების პატრიოტები არიან და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე თუ რას ეტყვიან გარედან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ოპოზიცია აკეთებს იმას, რასაც გარედან ეუბნებიან.
“სწორედ ესაა, რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც მხარს არ უჭერენ. თუმცა იმასაც ვერ ბედავენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და ეს საჯაროდ თქვან, იმიტომ, რომ დადიან, წინასაარჩევნო შეხვედრები აქვთ და იციან, რომ, რა თქმა უნდა, მათ ჰკითხავენ თუ რატომ უჭერენ მხარს ლგბტ პროპაგანდას?! რატომ უჭერენ მხარს იმას, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო მასალებში ლგბტ პროპაგანდის თემები შეჰქონდეთ?! რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა თემები, რომელზეც სწორედ ეს კანონია მომართული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.