სერგეი ლავროვმა აფხაზეთისთვის სოციალური გადახდების შეჩერება „ვალდებულებების ბალანსით“ ახსნა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადახდების შეჩერება „ვალდებულებების ბალანსით“ ახსნა,- ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
როგორც ლავროვი განმარტავს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური გადახდების შეჩერება სიტუაციის გამწვავება არ არის.
“არსებობს შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, დამტკიცებულია ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია ორივე პარლამენტში, თითოეულ ქვეყანას აქვს ვალდებულებები. საქმე ეხება იმას, რომ დაცული იყოს ამ ვალდებულებების ბალანსი და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს კარგად ესმით“,- განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ახალდანიშნული სერგეი შამბა რუსეთში მიიწვია.
როგორც ცნობილია რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური გადახდები, რომლებსაც მასწავლებლები, ექიმები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იღებდნენ, 1-ელ სექტემბერს შეაჩერა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, შემოდგომასა და ზამთარში მოსკოვი მათ ელექტროენერგიას კომერციულ ფასად მიაწვდის.