ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შემთხვევები

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი თანაგუნდელ დავით მათიკაშვილთან დაკავშირებით მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„გრძელდება მათი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ აღშფოთებული მოქალაქე იყო, თუმცა 100-ე პროცენტის შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ყოველთვის ამ „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან დგას რომელიმე რადიკალური „ენჯეო“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი. მისივე თქმით, მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე იყო. დეპუტატის თქმით, რადიკალი მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები