“მოსკოვის გაღიზიანება ახალი არ გახლავთ, ეს დიდი ხანია, მოდის, აფხაზებს ნელ-ნელა აფრთხილებდნენ” – ჯემალ გამახარია რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე

“მოსკოვის  გაღიზიანება ახალი არ გახლავთ, ეს დიდი ხანია, მოდის, აფხაზებს ნელ-ნელა აფრთხილებდნენ” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისთვის  დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გამახარიამ ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე  მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „აპარტამენტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტთან დაკავშირებით   საზოგადოების პროტესტის გამო დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია და ე.წ. კანონპროექტი გაეწვია, რამაც    მოსკოვის ძალიან სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია.

“23 ივლისს  აქ, “კვირას” პრესკლუბში აპარტამენტების თემაზე ვსაუბრობდით.  მაშინ ვთქვით, რომ ეს ასე მარტივად არ დამთავრდებოდა, დაპირისპირება გაგრძელდებოდა. სიმართლე გითხრათ, არავინ  მოელოდა იმას, რომ 2 დღეში ასე გამწვავდებოდა ვითარება და ე.წ. კანონპროექტს დე ფაქტო პარლამენტიდან გაიწვევდნენ. მაგრამ, ეს  საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობის გამო მოხდა. ასეთი წინააღმდეგობა არ მახსოვს. კარგად იცით, რომ აფხაზეთში ეს პროცესები, ე.წ. ხელისუფლებასთან  სხვადასხვა შეთანხმებასთან, ე.წ. კანონებთან  დაკავშირებით დაპირისპირება პერიოდულად    ხდება. გახსოვთ, ბიჭვინთის აგარაკების საკითხი რამდენ ხანს გრძელდებოდა,  მაგრამ ბოლოს ის თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტეს.  აქ კი იმდენად დიდი იყო  საზოგადოების მობილიზაცია და ერთსულოვნება, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია. როგორც მოსალოდნელი იყო,  ამან   მოსკოვის ძალიან სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია.  გაღიზიანება ახალი არ გახლავთ, ეს დიდი ხანია,  მოდის, აფხაზებს ნელ-ნელა აფრთხილებდნენ.  გუშინ ამის შესახებ  შამბამ ისაუბრა,  თქვა,  რომ ბოლო წლებში, როდესაც აფხაზეთში   სხვადასხვა  დელეგაცია   ჩადიოდა,   ისინი მათ სულ აფრთხილებდნენ, რომ  თუ  რუსეთისთვის სასურველ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ,  მაშინ გარკვეული ზომები იქნებოდა მიღებული, სანქციები  მთელი რიგი მიმართულებით განხორციელდებოდა,  ბოლოს კი ეს დრო დადგა.  26 აგვისტოს   უნდა დამთხვეოდა  სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის რაღაც საკოორდინაციო საბჭო სოხუმსა და  მოსკოვს შორის.   მოგეხსენებათ,  ეს თარიღი რუსების მიერ აფხაზეთის ვითომ აღიარების დღეა და  მათ საზეიმო დღე  აქვთ. რუსეთიდან მინისტრის მოადგილე ჩამოდიოდა,  საბჭოზე იხილავენ,  რუსეთი აფხაზეთში რა  პროექტებს განახორციელებს, როგორ მიდის იქ მუშაობა და ა.შ. დიდი დელეგაცია ჩამოდიოდა და   გაუქმდა. ეს პირველი დიდი და  სერიოზული დარტყმა იყო.  იცით,  რომ  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა.  სხდომა 26 აგვისტოს შედგა, ოქმში   ამ სანქციებზეა საუბარი. გუშინ ბრიფინგი ჩაატარა ბატონმა შამბამ, შემდეგ კი   დე ფაქტო  უშიშროების საბჭოს მდივანმა   ლოლუამ,    ორივემ თქვა,  რომ მოსკოვიდან ოფიციალური დოკუმენტი იმაზე,    რაც იმ ოქმშია,   არ მიუღიათ. რა უშლიდათ ხელს, რომ დაკავშირებოდნენ და ეკითხათ,   “ფეიკი” იყო ეს ოქმი, თუ სინამდვილე? წარმოიდგინეთ,  ისეთი ურთიერთობაა,  რომ ესენი იქ ვერც რეკავენ და ვერ ეკითხებიან,  ეს სიმართლეს  შეესაბამება, თუ არა. ურთიერთობა ამ დონეზეა გაყინული.  გუშინ ორივე ამბობდა, არაფერი ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, რადგან იქიდან ოფიციალური დოკუმენტი არ მოსულაო. არადა ეს თითქმის  1 კვირაა გამოქვეყნდა.

რაც შეეხება სანქციებს:  იყო საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულების თანადაფინასება, აქ, უპირველეს ყოვლისა,  ძალოვნები იგულისხმებიან, ეს მათთვის  ყველაზე მთავარი და მტკივნეულია. ძალოვან სტრუქტურებს  სანახევროდ კი არა,  უფრო მეტადაც რუსეთი აფინანსებდა.   თანადაფინანსებაზე სოციალური სფერო იყო გათვალისწინებული, ესაა ჯანდაცვა, განათლების სფერო. აქაც თითქმის ნახევარი  რუსეთიდან მოდიოდა. ჯამში ეს  თვეში 176 მილიონი  რუბლია,  რაც  აფხაზეთისთვის   პატარა თანხა არაა, თანაც თვეში. გავრცელდა  ინფორმაცია,  რომ დაფინანსება 1-ელი აგვისტოდანაა შეწყვეტილი. მერე თქვეს, 1-ელი სექტემბრიდანო .   მაგრამ,  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის მთავრობიდან   2 სექტემბერს  ოფიციალური ცნობა მიიღეს, წერილი მივიდა,  რომ დაფინანსება შეწყვეტილია.  მაგრამ, აგვისტოშიც არ მიუღიათ. ამიტომ სწორად წერენ, რომ 1-ელი აგვისტოდანაა შეწყვეტილი.

აფხაზებისთვის  მეორე სერიოზული დარტყმა ენერგეტიკაა. ოქტომბრის ბოლოდან აპრილამდე აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის  ნახევარზე მეტი რუსეთიდან მოდის, ენგურჰესი ამ დროს ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მისი 40 %,  რასაც იღებენ,  სანახევროდაც არ ჰყოფნით, დანარჩენ ელექტროენერგიას დიდი ხანია მათ  რუსეთი  უფასოდ აწვდის. შარშან მინიმალური ფასი გადაახდევინეს, რამაც    მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ახლა ეუბნებიან,  შემოდგომა-ზამთარში  მოწოდება  კომერციული ფასებით მოხდებაო. შამბამ განაცხადა, ეს აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტიაო. ასეთი სანქციებია დაწესებული.

ასევე საუბარია იმაზე, რომ რუსეთის დუმას, ფედერაციის საბჭოს და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზე უნდა დავიდეს, ურთიერთობის მინიმიზაცია მოხდეს.  ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობის დონე უნდა ჩამოქვეითდეს. არ ვიცი,  რა დონეზე ჩამოქვეითდება, შეიძლება,  ელჩი გაიწვიონ. ასევე მათთვის მტკივნეული საკითხია რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც აფხაზეთში  რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისივე თქმით,   ოკუპირებულ რეგიონში    უკიდურესობამდე დაძაბული ვითარებაა. როგორც გამახარიამ განაცხადა, აფხაზებს თუ გადარჩენა უნდათ,  ახლო მომავალში ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე  ქართულ-აფხაზური  დიალოგი    უნდა დაიწყოს.

“რას ითხოვენ რუსები:  აპარტამენტების თემა გასაგებია,  კანონპროექტი   აუცილებლად უნდა მიიღონ. გახსოვთ, აქ ვსაუბრობდით იმაზე,  რომ აპარტამენტების თემის ცალკე განხილვა არასწორია,  რუსებისთვის კიდევ   2 ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების პროექტი არსებობს,  რომელიც ხელმოწერილი არაა და დე ფაქტო პარლამენტში დევს.  პირველი დოკუმენტია  რუსეთს და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების შესახებ.  აპარტამენტების მშენებლობის დროს იქ თუ აფხაზების მხრიდან პირობების დარღვევა   მოხდება, მაშინ ვინც მშენებლობას ახორციელებს,  იჩივლებს არა სოხუმში, არამედ  რუსეთში და აფხაზებმა იქ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეასრულონ. ამაზე აფხაზეთში წინააღმდეგობაა.  მეორე პროექტი – რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების შესახებაა. რაზეა საუბარი –  აფხაზეთში  ინვესტიციებს  რუსული კომპანია ახორციელებს, რომლის სათავო ორგანიზაცია რუსეთშია, მაგრამ მისი შვილობილი კომპანია  აფხაზეთში ჩადის და სამუშაოს ასრულებს, 8 წელი კი გადასახადებს არ იხდის. 8 წლის შემდეგ  გადასახადს  იმ თავის სათავო ორგანიზაციას გადაუხდის რუსეთში, თუ სოხუმში გადაიხდის –  იმ შეთანხმებაში  ესეც არ წერია.  ეს კაბალური შეთანხმებაა, სადაც მუხლების   99 %  იმაზეა,  თუ რა ევალება აფხაზეთს.  ყველაფერი აფხაზეთს  ევალება, რუსეთს კი  არაფერი, გადასახადსაც არ იხდის. აფხაზები  ამის წინააღმდეგ არიან.  რუსების სანქციები  დაწესებულია, მათ სურთ, აფხაზებმა  მარტო “აპარტამენტების  შესახებ” ე.წ.  კანონპროექტი კი არ  მიიღონ, არამედ  ეს ორი შეთანხმებაც.

გუშინ შამბამ თავის ბრიფინგის ნახევარზე მეტი   იმას მიუძღვნა,  რომ აუცილებელია,  რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ბატონ შამბასაც და ლოლუასაც  ისეთი ჩამოშლილი სახე ჰქონდათ, მათ დიდად არ სჯერათ იმისა, რომ ყოველივე ამის შემდეგ  რუსეთთან  ურთიერთობის  დალაგება შესაძლებელია. ახლა რა ვითარებაა: რუსეთიც  ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს და აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლებაც. მაგრამ, აფხაზებს და რუსებს ურთიერთობის გაუმჯობესება სხვადასხვანაირად ესმით. აფხაზებს ეს ასე მიაჩნიათ:  რუსები  აფინანსებენ, ტურისტები ჩადიან, ბიუჯეტს ნახევარზე მეტს რუსეთი ავსებს. რუსებს კი ყოველივე იმის სანაცვლოდ რასაც აკეთებენ, უნდათ, აფხაზეთში დამკვიდრების , ანექსიის შესაძლებლობა მიიღონ.  რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება. ღრმად ვარ დარწმუნებული,  რომ ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, ან აფხაზებმა ხელი ანექსიაზე უნდა მოაწერონ. სხვა გზა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უკიდურესობამდე დაძაბული ვითარებაა.   აფხაზებს თუ გადარჩენა უნდათ, ძალიან ახლო მომავალში ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე ქართულ-აფხაზური  დიალოგი უნდა დაიწყოს. ამაზე აფხაზეთში ბევრი ექსპერტი საუბრობს. ისე არ ვიფიქროთ,  რომ შემოერთებაზე  საუბარს დაიწყებენ, მაგრამ ურთიერთობის დალაგებაზე რომ დაიწყება საუბარი, თითქმის დარწმუნებული ვარ.  ურთიერთობის დალაგება მოხდეს,  დე ფაქტო საზღვარი გაიხსნას, ჰუმანიტარული საკითხები გადაწყდეს,  ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობა დავიწყოთ და მერე ვნახოთ, ამ დონეზე  ჩვენს წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი ადამიანები უკვე მისულები არიან. ეს ვითარებაა დღეს აფხაზეთში. ჩვენ პროცესებს უნდა დავაკვირდეთ” – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის,   რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა, მიზეზი კი აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაა,- ინფორმაცია  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ გუშინ  დაადასტურა.

შამბას თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

“ისინი უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა”,- განაცხადა შამბამ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტი­დან აპარტამენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­იწ­ვი­ეს, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა  “ეხო კავ­კა­ზამ“ გაავრცელა.

მათი ცნო­ბით, ე.წ.  კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში 10 ათასამ­დე ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თა­ვად ინი­ცი­ა­ტორ­მა, ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს.

ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის “პრეს­სამ­სა­ხუ­რის” გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად“ მი­ი­ღეს.  ე.წ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა და ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ე.წ. კანონპროექტზე ჯემალ გამახარიამ 23 ივლისს,  “კვირას”  პრესკლუბში ისაუბრა.

“10 000 აპარტამენტის მშენებლობაა გათვალისწინებული, თითოეული აპარტამენტისთვის 1 ჰექტარი მიწა გამოიყოფა, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ 10 000 აპარტამენტი აშენდა, ჩათვალეთ, რომ 99 % რუსების მიერ იქნება შესყიდული.”- განაცხადა გამახარიამ.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები