“[ზურაბიშვილი] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება, ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა” – თალაკვაძე
„[სალომე ზურაბიშვილი] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა.
“სინამდვილეში, სწორედ „ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს, ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ”, მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამათ სხვადასხვა პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, ხან ვის რა და როგორ აწყობს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.