ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ “მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი” დაიწყო. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, “მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ, 1.25 ჰექტრის ჩათვლით, ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ (1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). “მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი) 2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ “ლიბერთი ბანკის” პლასტიკური ბარათით, ე.წ. “აგრო ბარათით”, სადაც დაერიცხებათ 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ქულა – 1 ლარი).
“აგრობარათების” მიღება ფერმერებს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ. პლასტიკური ბარათების დარიგება 17 თებერვლიდან იმ რეგიონებიდან დაიწყება, სადაც ფერმერებისთვის სასოფლო–სამეურნეო ბარათების გაცემა უკვე მიმდინარეობს (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი). აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან; მას შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საქონელი (სასუქები, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს “მექანიზატორი” და კონტრაქტორი კომპანიები შეასრულებენ. მიწის დამუშავება ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებიდან 17 თებერვლიდან დაიწყება. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. “მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი” 1 თებერვალს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები