“გაიცანი სომხეთი” – მედიატურის ფარგლებში ქართველი ჟურნალისტები მეზობელ სახელმწიფოში იმყოფებოდნენ
“გაიცანი სომხეთი” აღნიშნული მედიატურის ფარგლებში ქართველი ჟურნალისტები მეზობელ სახელმწიფოში იმყოფებოდნენ.
4-დღიანი ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები სომხეთის ღირშესანიშნაობებსა და ადგილობრივ კულინარიას გაეცნენ.
ქვეყანა უძველესი კულტურის მატარებელია, სადაც ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ უძველესი მონასტრები, დატკბნენ ულამაზესი ხედებით, დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო, და მათ შორის ბევრისთვის ცნობილი და უგემრიელესი ქადა, რომლის 90-მდე რეცეპტი არსებობს. უცხოელ ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელიც.
დილიჟანში სტუმრობისას ქართველი ჟურნალისტები ღვინის ფესტივალზეც იმყოფებოდნენ, სადაც ტრადიციული ღვინოც დააგემოვნეს. ფესტივალზე იყო ტურისტების სიმრავლე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ერევანი – სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი სომხეთის დედაქალაქია 1918 წლიდან და ის რიგით მე-14 ისტორიული დედაქალაქია და მეშვიდეა იმათგან, რომლებიც არარატის ვაკეზე მდებარეობენ. აქ არის არარატის ეპარქია, სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველაზე დიდი ეპარქია და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეპარქია მსოფლიოში. ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში იღებს, როცა არგიშთი I-მა არარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე-სიმაგრე ერებუნი აღმართა.
ტურიზმი სომხეთში წლიდან წლამდე ვითარდება, ერევანი კი ქვეყნის მთავარი ტურისტული მიმართულებაა.
სომხეთში საქართველოს ელჩი, გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ სომხეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მზარდია.
“სომხეთში ძალიან მზარდი ტურისტული ინდუსტრიაა. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურია”,- აღნიშნავს ელჩი.
ქალაქში არის უამრავი ძვირადღირებული სასტუმრო, თანამედროვე რესტორნები, ბარები… ერევანში მრავალი ადგილია ტურისტებისთვის მიმზიდველი, როგორებიცაა მოცეკვავე შადრევნები რესპუბლიკის მოედანზე, ეროვნული ოპერის სახლი, ერევნის კასკადი და ა.შ.
ერევნის მდებარეობა შთამაგონებელია უცხოელებისთვის ქალაქის მოსანახულებლად, რადგან აქ შესაძლებელია ბიბლიური მთის, არარატის ხედებით ტკბობა. ტურისტებისთვის შთამბეჭდავია არქიტექტურაც. ერევნის ცენტრში არის ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაც.
კულტურული ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები სერგო ფარაჯანოვის მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც ცნობილი რეჟისორის უამრავი ნამუშევარი ინახება.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავია გარნის წარმართული ტაძარი, რომელიც ძვ. წ. I საუკუნითაა დათარიღებული და ერევნიდან 28 კილომეტრში კოტაიქის პროვინციის დაბა გარნისში, მდინარე აზატის ხეობაში მდებარეობს. ტაძარი აგებულია დიდი ზომის ბაზალტის ქვებით.
ტურისტებში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს – გეღარდი, კლდეში ნაკვეთი მონასტერი, რომელიც ისტორიული ძეგლია სომხეთში და შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მონასტერი IV-XIII საუკუნეებით თარიღდება. გადმოცემის მიხედვით მონასტერი დააარსა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების შემდეგ. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო აირივანქი.
გეღარდის მონასტერი შუა საუკუნეების სომხეთის ცნობილი საეკლესიო და კულტურული ცენტრია, სადაც რელიგიური ნაგებობების გარდა იყო სკოლა, სკრიპტორიუმი, ბიბლიოთეკა.
ჟურნალისტებმა ადგილობრივი გიდის ხელმძღვანელობით, ერევნის კონიაკის ქარხანაც დაათვალიერეს, რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოების წამყვან საწარმოდ ითვლება სომხეთში. ის 1887 წელს პირველი გილდიის ვაჭრის ნერსეს ტაირიანცის მიერ დაარსდა.
ულამაზესი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა სევანიც – ტბა სომხეთში, რომელიც უდიდესია კავკასიაში.
უძველესი კულტურის, ისტორიის, ტრადიციების მატარებელი ქვეყანა თავისი სილამაზით, სისუფთავით, წესრიგით, სტუმართმოყვარეობით გულგრილს ვერავის დატოვებს.