თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის დღეები ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით – „ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები.
დიქმენ ვადისის პარკის ამფითეატრში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ ანსამბლები: „რირაში”, „კაფდაღი”, „ალილო” და ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო”.
კულტურის დღეებს ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.