ჭოუ ციენი: ჩინეთი მოუთმენლად ელის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის გაძლიერებას

,,ჩინეთი მოუთმენლად ელის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის გაძლიერებას”,- ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპების საფუძველზე, ჩინეთი სხვებთან ერთად მოძებნის გლობალური მმართველობის გარდაქმნისა და გაუმჯობესების გზას და მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელ მომავალს შექმნის.

,,უპირველეს ყოვლისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მე და ჩინეთის საელჩო საქართველოში მზად ვართ, გულწრფელი დიალოგი ვაწარმოოთ ქართულ მედიასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მეშვეობით შევძლებთ, საქართველოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ჩინეთის მკაფიო და ზუსტი ხმა მივაწვდინოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩინეთის ობიექტური და სამართლიანი იმიჯი და ერთად შევიტანოთ დადებითი წვლილი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში.

1. იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისა და 3 სექტემბრის ყრილობის შესახებ

წელს, 3 სექტემბერს, აღინიშნა ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი. 1931-დან 1945 წლამდე ჩინელმა ხალხმა, 14 წლიანი დაძაბული და სისხლიანი ბრძოლისა და უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლის შემდეგ, იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ომში დიდ გამარჯვებას მიაღწია და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომშიც სრული გამარჯვება გამოაცხადა. ჩინეთის ომი იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ადრე დაიწყო და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. უდიდესი ეროვნული მსხვერპლით, ჩინეთმა მხარი დაუჭირა მსოფლიო ანტიფაშისტური ომის აღმოსავლეთის მთავარ ფრონტს. ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ანტიფაშისტური ომისთვის და ისტორიული წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ჩინელი ხალხის იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც. ჩინეთის ამ ომში გამარჯვება იყო როგორც ჩინელი ხალხის, ასევე მსოფლიოს გამარჯვებაც.

3 სექტემბერი დღესასწაულია როგორც ჩინელი ხალხისთვის, ასევე მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყნისა და ხალხისთვის. ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, ჩინეთმა პეკინში საზეიმო ღონისძიებები გამართა, მათ შორის იყო გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, მიღება, გალა წვეულება და ა.შ. ყრილობაზე მოწვეული იყვნენ 61 სახელმწიფო და მთავრობის მეთაური, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ყოფილი პოლიტიკური ლიდერები. პრეზიდენტი სი ძინფინგი მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამ დიდი შეკრების მიზანი იყო ისტორიის გახსენება, დაღუპული გმირების მოგონება, მშვიდობის დაფასება და მომავლის შექმნა.

ისტორიის გასახსენებლად და დაღუპული გმირების მოსაგონებლად, სწორად და სრულყოფილად უნდა ვიცნობდეთ ისტორიას, უნდა გვახსოვდეს ჩინელი ხალხის დაძაბული და სისხლიანი ბრძოლა იაპონური სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და პატივი მივაგოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ჩინელმა ხალხმა იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ომში, უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლის ფასად, მნიშვნელოვანი ისტორიული წვლილი შეიტანა ცივილიზაციის გადარჩენასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვაში. ეს დიდებული გამარჯვება სამუდამოდ ჩაიწერება ადამიანური სამართლიანობისა და მშვიდობის მატიანეში. ეს დიდი გამარჯვება ჩინელმა ხალხმა მოიპოვა საკუთარ მოკავშირეებთან და სხვადასხვა ქვეყნების ხალხებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლით. ჩინეთის მთავრობა და ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ უცხო ქვეყნების მთავრობებსა და უცხოელ მეგობრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩინელ ხალხს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თავის გამოსვლაში მათ მიმართ გულწრფელი მადლიერება გამოხატა. ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოვიწვიეთ 50-ზე მეტი მეგობარი და გარდაცვლილთა ოჯახის წევრი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და კანადიდან. გარდა ამისა, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციამ „ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლის მე-80 წლისთავის“ სამახსოვრო მედლები გადასცა 55 უცხოელ მეგობარს.

მშვიდობის დასაფასებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ჩვენ სიბრძნე და ძალა უნდა მივიღოთ ისტორიიდან, ურყევად უნდა მივყვეთ მშვიდობიანი განვითარების გზას, მტკიცედ დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის მიღწევები და ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი და საფუძველი ჩავუყაროთ უფრო ნათელ მომავალს. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობა კვლავ დგას არჩევანის წინაშე მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და დაპირისპირებას, თანასარგებლიანობასა და ნულოვან ჯამს შორის. ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული. მხოლოდ ერთმანეთის თანასწორად მოპყრობით, ჰარმონიაში ცხოვრებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით შეუძლია ყველა ერსა და ხალხს დაიცვას საერთო უსაფრთხოება, აღმოფხვრას ომის ძირითადი მიზეზები და თავიდან აიცილოს ისტორიული ტრაგედიების განმეორება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანა გაკვეთილს მიიღებს ისტორიიდან, დააფასებს მშვიდობას და ერთად შექმნის უკეთეს მომავალს კაცობრიობისთვის.

წელს ასევე აღინიშნება თაივანის დაბრუნების მე-80 წლისთავი. თაივანის ჩინეთში დაბრუნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მიღწევებისა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთაშორისო სამართლის ძალის მქონე დოკუმენტებმა, როგორიცაა კაიროს და პოტსდამის დეკლარაციები, დაადასტურა ჩინეთის სუვერენიტეტი თაივანზე. იმის ისტორიული და სამართლებრივი ფაქტები, რომ თაივანი ჩინეთს ეკუთვნის, უდავოა. თაივანის სრუტის ორივე სანაპირო ერთ ჩინეთს ეკუთვნის, თაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური ნორმაა. იგი ჩინეთისთვის წარმოადგენს პოლიტიკურ საფუძველსა და წინაპირობას, რომ დაამყაროს და განავითაროს დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან. 1971 წელს, გაეროს 26-ე გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო 2758-ე რეზოლუცია, რომელმაც სრულად გადაჭრა მთელი ჩინეთის, მათ შორის თაივანის, წარმომადგენლობის საკითხი გაერო-ში.

თაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესების ცენტრშია. თაივანის საკითხის მოგვარება და სამშობლოს სრული გაერთიანება ყველა ჩინელის საერთო მისწრაფებაა. ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დაცვა ჩინეთის დიპლომატიის წმინდა მისიაა. თაივანის საკითხი სრულებით ჩინეთის შიდა საქმეა და დაუშვებელია უცხო ძალების ჩარევა. ჩინეთი საბოლოოდ აუცილებლად გაერთიანდება.

2. გლობალური მმართველობის ინიციატივის შესახებ

დღესდღეობით, არასტაბილური მდგომარეობა პროგრესირდება, ხშირია რეგიონული არეულობა, ეკონომიკური განვითარება შეფერხებულია, იზრდება გლობალიზაციის საწინააღმდეგო განწყობა, იგრძნობა წესებისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობა და მმართველობის დეფიციტი. ამ ყველაფრის ფონზე, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის საკითხი, თუ როგორი გლობალური მმართველობის სისტემა უნდა შევიმუშაოთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ იგი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს.

ამ თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თიენძინში გამართულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) +“ კონფერენციაზე, გლობალური მმართველობის ინიციატივა წამოაყენა და მის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად საკუთარი გეგმა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა შეესაბამება ყველა ქვეყნის ხალხის უნივერსალურ მისწრაფებებს და დღევანდელი მსოფლიოს გადაუდებელ საჭიროებებს. წარდგენის შემდეგ, ინიციატივას მხარი დაუჭირა მრავალი ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

გლობალური მმართველობის ინიციატივა ხუთ ძირითად კონცეფციას მოიცავს: სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის მიხედვით მოქმედება, ხალხზე ორიენტირებული მიდგომა და მოქმედებაზე ორიენტირება. ეს ხუთი კონცეფცია განმარტავს იმ პრინციპებს, მეთოდებსა და გზებს, რომლებსაც უნდა მივყვეთ გლობალური მმართველობის რეფორმირებისა და სრულყოფისთვის. სუვერენული თანასწორობა გლობალური მმართველობის მთავარი წინაპირობაა. ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გარანტიაა. საერთაშორისო სამართალი და წესები ის საერთო პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა დაწეროს, შეინარჩუნოს, დაიცვას და განახორციელოს. გამონაკლისები არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. მულტილატერალიზმი გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გზაა. გლობალური მმართველობა ყველას საქმეა, ის ყველა ქვეყნის უშუალო ინტერესებზე ახდენს გავლენას, უნდა ეფუძნებოდეს კოორდინაციასა და თანამშრომლობას და არა ცალმხრივ ჩაგვრას. ხალხზე ორიენტირებული მიდგომა გლობალური მმართველობის ძირითადი ფასეულობაა. გლობალური მმართველობა გულისხმობს ყველა ქვეყნის ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის რეალობად ქცევას და ისეთი სამყაროს ერთობლივად შექმნას, სადაც ყველას შეეძლება კეთილდღეობით ტკბობა. მოქმედებაზე ორიენტირება გლობალური მმართველობის მთავარი პრინციპია. გლობალური მმართველობის სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკიდან მომდინარეობს, მთავარი მოქმედებაა, საბოლოო მიზანი კი – შედეგის დანახვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ აწმყოსა და გრძელვადიან პერსპექტივაზე და გადავჭრათ ის რეალური პრობლემები, რომლებიც ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს აწუხებთ.

ამ ინიციატივის არსი თავსებადია გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებთან, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის პრინციპთან. გაერო-ს წესდების პრეამბულა ნათლად გამოხატავს ყველა ერის, დიდისა და პატარის, თანასწორი უფლებების შესახებ რწმენას და პირველ თავში ხაზს უსვამს ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ჩინეთი ყოველთვის იცავდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანა, ზომის, ძალის და სიმდიდრის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების თანასწორი წევრია და მათ თანაბრად უნდა მოეპყრონ, ხოლო პრობლემები კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს. როგორც ყველაზე უნივერსალური, წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული სამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო საუკეთესო პლატფორმაა ყველა ქვეყანას შორის თანასწორი დიალოგისა და მოლაპარაკებებისათვის. გაერო შეძლებს თუ არა საკუთარი როლის შესრულებას, დამოკიდებულია იმაზე, წევრი სახელმწიფოები დაიცავენ თუ არა გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და იმოქმედებენ თუ არა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმების შესაბამისად. ზოგიერთი ქვეყანა უნილატერალიზმს მისდევს და გაერო-ს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა იგი მის ინტერესებთან თავსებადობაში მოდის, რაც სერიოზულად მოქმედებს საერთაშორისო წესრიგსა და სისტემაზე.

ინიციატივის მიზანია მტკიცედ დაუჭიროს მხარი გაერო-ს ცენტრალურ როლს საერთაშორისო საქმეებში და მოუწოდოს ყველა ქვეყანას, გაეროსა და სხვა მულტილატერალურ მექანიზმებზე დაყრდნობით, მონაწილეობა მიიღოს გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და განვითარებაში, რათა დროს ფეხი აუწყოს და უფრო ეფექტურად უპასუხოს ჩვენი დროის გამოწვევებს. მომავალში, ჩინეთი დაეყრდნობა გაეროს, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონულ მულტილატერალურ მექანიზმებს და ყველა მხარესთან ერთად იმუშავებს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად, რათა საკუთარი სიბრძნითა და ძალით წვლილი შეიტანოს გლობალური მმართველობის გარდაქმნასა და გაუმჯობესებაში. გლობალური მმართველობის ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროდუქტია, რომელიც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა სამი დიდი გლობალური ინიციატივის შემდეგ წარუდგინა მსოფლიოს, რათა ამ ქაოსურ გარემოში სტაბილურობა და სიმტკიცე შეიტანოს. იგი აჩვენებს ჩინეთის პასუხისმგებლობიან როლს საერთაშორისო საქმეებში.

ჩინეთმა და საქართველომ, ორივემ დიდი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომის დროს და ორივეს კარგად ესმის, რამდენად რთულია მშვიდობის მოპოვება და განვითარება. ორივე ქვეყანა დიდი ხანია მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტსა და წამყვან როლს. დღევანდელ მსოფლიოში, კაცობრიობა უკვე იქცა საერთო მომავლის მქონე საზოგადოებად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. ჩინეთი მოუთმენლად ელის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის გაძლიერებას. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპების საფუძველზე, ჩინეთი სხვებთან ერთად მოძებნის გლობალური მმართველობის გარდაქმნისა და გაუმჯობესების გზას და მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელ მომავალს შექმნის”,- განაცხადა ელჩმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები