ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო, ბრიტანეთმა შესაძლოა ინტერნეტის უსაფრთხოების კანონი გაამკაცროს

ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობა კანონის გამკაცრებას გეგმავს, რომელიც ინტერნეტში უკანონო შინაარსის შემცველი მასალების გავრცელებას შეზღუდავს. ამის შესახებ CNBC-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების აქტი 2023 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, რომელიც კომპანიებისთვის უკანონო კონტენტის წაშლასა და მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების აღსრულებას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიები იურიდიულ წესებს არ დაიცავენ, შესაძლოა ისინი მედიის მარეგულირებელი კომისიის, Ofcom-ის მიერ დაჯარიმდნენ და აღმასრულებლები შეიძლება პატიმრობაში აღმოჩნდნენ.

„წყაროებმა… განუცხადეს CNBC-ს, რომ ბოლო ორი კვირის მოვლენების შედეგად ლეიბორისტები ინტერნეტის უსაფრთხოების კანონის გადახედვას განიხილავენ“, – იუწყება CNBC-ი.

აღნიშნული კანონის შესაძლო გადასინჯვის შესახებ მსჯელობა ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარში დაწერა, რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალია.

მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასკის კომენტარი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამოქალაქო ომს წინასწარმეტყველებს, უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გასული თვის ბოლოს დაიწყო. აღნიშნულ პროტესტს წინ უძღოდა საუთპორტში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც 17 წლის მოზარდი ბავშვებს დანით თავს დაესხა და სამი მათგანი მოკლა. ამასთან, მომხდარის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბავშვი და ორი ზრდასრული პირი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები