სლოვაკეთის შსს-მ, ანტისამთავრობო საპროტესტო მუხტის ფონზე, თანამდებობის პირების უსაფრთხოება გააძლიერა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობის პირების უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს სპიკერმა, მატეი ნოიმანმა განაცხადა.
სლოვაკეთის შსს-ში არ აკონკრეტებენ, ვის და რა ფორმით შეეხება აღნიშნული ზომები.
„ჩვენ კვლავ მოგვიწია ამ ზომების მიღება ზოგიერთი კონსტიტუციური თანამდებობის პირის მიმართ სიძულვილის ენის გავრცელების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ინციდენტი, რაც მოხდა 15 მაისს ჰანდლოვაში“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ შუტაი ესტოკმა.
2024 წლის მაისში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოხდა, მას ოთხი ტყვია ესროლეს.
ანტისამთავრობო აქციების ფარგლებში, ქუჩაში გამოსულები სლოვაკეთის კულტურის მინისტრის, მარტინა შიმკოვიჩოვას გადადგომას ითხოვენ, რომელმაც მოულოდნელად თანამდებობიდან სახელმწიფო თეატრებისა და გალერეების ხელმძღვანელები გაათავისუფლა.
ასევე, აქციის მონაწილეები სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური დანაშაულისთვის სასჯელი შემსუბუქდება.