Forbes: კურსკში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრიგადა შეუერთდა
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ რუსეთის კურსკის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადა გააგზავნა,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.
„საუბარია მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაზე. ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“, – წერს Forbes-ი.
აქედან გამომდინარე, Forbes-ი ასკვნის, რომ საბჭოური და ამერიკული სამხედრო ტექნიკის ერთად გამოყენება მხოლოდ მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას შეუძლია.
გამოცემის ცნობით, ასეთი სერიოზული მომზადების მქონე ბრიგადის კურსკის ოლქზე შეტევაში მონაწილეობა უკრაინული ოპერაციის მასშტაბებზე მიუთითებს.
უკრაინული ძალები ადრეც ახორციელებდნენ რეიდებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა მაშინ ეს მცირე მასშტაბის იყო და რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დღევანდელ უკრაინულ ოპერაციაში კი მინიმუმ სამი ბრიგადა მონაწილეობს, თითოეული მათგანი 2 ათას ჯარისკაცს ითვლის.
„სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება ,არა რეიდი, არამედ შეჭრაა“, – წერს Forbes-ი.