სპარტაკ ბაღაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა
სპარტაკ ბაღაშვილი 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ხოლო 1944 წელს დაამთავრა „თბილისის კინოსტუდიასთან“ არსებული კინომსახიობთა სკოლა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გამოჩენილი კინომსახიობის, სპარტაკ ბაღაშვილის, ნათელ ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
მსახიობი კინოში პირველად კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა მიიწვია არსენა ოძელაშვილის როლზე ფილმში „არსენა“ (1937), სადაც საოცრად დამაჯერებლად განასახიერა სახალხო გმირის ჰეროიკული სახე. ამ როლმა მას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა.
წარმატებულ დებიუტს მოჰყვა გმირულ-რომანტიკული სახეები ამავე რეჟისორის ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938, გიორგი ღუდუშაური – სტალინური პრემია, 1941), და „გიორგი სააკაძე“ (1942-1943, ლუარსაბ მეორე). მისი წარმოსადეგი გარეგნობა, ახოვანი აღნაგობა, საოცარი, დასამახსოვრებელი ხმა და უზარმაზარი სამსახიობო ნიჭი დიდად უწყობდა ხელს შთამბეჭდავი კინოგმირების გალერეის შექმნას.
სპარტაკ ბაღაშვილი ამავე პერიოდში მონაწილეობდა კ. პიპინაშვილის ფილმებში „ქაჯანა“ (ხალხოსანი მასწავლებელი ვანო, 1941) და „აკაკის აკვანი“ (პირველად ქართული კინოს ისტორიაში განასახიერა ერთდროულად სამი როლი: ვაჟა-ფშაველა, მეწისქვილე ესტატე და გამზრდელი, 1947).
მოგვიანებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა ეკრანზე მთავარ როლში (მეცხვარე მარტია) ფილმში „თეთრი ქარავანი“ (თ. მელიავა, ე. შენგელაია, 1963). მომდევნო წლებში შექმნილი მნიშვნელოვანი ეკრანული სახეებია: ხევისბერი გოჩა („ხევისბერი გოჩა“, ნ. სანიშვილი, 1964), ღვთისია („ვედრება“, თ. აბულაძე, 1967), ქალუნდაური („დიდოსტატის მარჯვენა“, ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1969).
აქტიურად თანამშრომლობდა საკავშირო ქვეყნების სხვა კინოსტუდიებთანაც: კიევში გადაიღეს ფილმში „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (ს. ფარაჯანოვი, 1964), რომელშიც მან იური მალფარის როლი განასახიერა. სერგო ფარაჯანოვთან თანამშრომლობა გაგრძელდა ფილმში „საიათნოვა“ ( 1968), რომელშიც მან პოეტის მამის პერსონაჟს შეასხა ხორცი. გადაღებულია ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“ (1966) და ა.შ.
სპარტაკ ბაღაშვილს განსახიერებული აქვს აგრეთვე როლები: ლუკაია („მე ვხედავ მზეს“, ლ. ღოღობერიძე, 1965), ჯანყვათი („ცისკრის ზარები“, ყ. მგელაძე, 1967), თავადი („გათენების წინ“, ყ. მგელაძე, 1971), მებორნე („ მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973).
მონაწილეობს ფილმებში: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (დ. რონდელი, 1940), „წყალდიდობა“ (თ. გოშაძე, 1970), „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (ო. აბესაძე, 1970), „ანარეკლი“ (ო. აბესაძე, 1974), „კოლხური ბალადა“ (გ. ხოჯავა, 1974).
სპარტაკ ბაღაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1963), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941), ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი (1938 და 1950).