“იმხელა სითბო მაგრძნობინეთ, ჩემო ქართველებო; ძალიან მიყვარხართ” – გიორგი სარდალაშვილი

ქართველი ძიუდოისტი, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სპორტსმენი თანამოქალაქეებს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

“რთულია, სიტყვებს მოუყარო თავი, მაგრამ თქვენ იმხელა სითბო მაგრძნობინეთ, ჩემო ქართველებო, რომ აუცილებლად უნდა დავწერო. ძალიან მიყვარხართ მადლობა ყველას!!!

სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე. იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავიწყებ ამ ყველაფრის წერას, ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეს. აქამდე არ მესმოდა, როცა იძახდნენ, გამოცდილებით აჯობაო და ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მარცხის შემდეგ მე და მწვრთნელები ათმაგად მოტივირებულები ვართ, ჩემი სურვილიც ათმაგად მეტია და წინ დიდი 4წელი მაქვს მოსამზადებლად. 2020 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი ,იქიდან დღემდე ალბათ სახლში ჯამში 20ჯერ ვიქნები ნამყოფი. სულ შეკრებებზე ვიყავით. მე, ლექსო მასწავლებელი და დავით ქევხიშვილი, ამით კი იმის თქმა მინდა რომ, ამ სპორტს ყოველდღიურად ვაძლევ 100%-ს, ამიტომ ეს ისე არ ჩაივლის, რომ ჩემი სურვილების 100% არ დავიკმაყოფილო. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს!

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მომზადებაში წვლილი შეიტანა, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ბრავო”, – წერს სარდალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები