საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს.

დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ მსახურს. რეკრუტებს კურსის დამთავრება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული მსახური უსურვა. რეკრუტთა მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს წარჩინების სერტიფიკატები და საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და პროექტ ,,ჯარის ბანაკის“ მონაწილეები დაესწრნენ.

რეკრუტები საწყის საბრძოლო მომზადებას BCT ცენტრში რვა კვირის განმავლობაში გადიოდნენ. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები