საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია – ლევან დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე

არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია,- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, ტერორისტული აქტების მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, წინასწარი დასკვნის გაკეთება ნაადრევია, თუმცა სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხისაა და რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, საფუძვლიანია:

“ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხისაა. ეს დადასტურდა ბოლო წლებში კანონის უზენაესობის მაქსიმალური პატივისცემის პირობებში, საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებით.

რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ან პირის მიმართ, ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები.

ამ შემთხვევაში საუბარი ნაადრევია, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ პროცესი შევაფასო, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან.

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხდება ასეთი მიუღებელი შემთხვევები და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალი სტანდარტი. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი”, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები