“ექიმების მხრიდან შესაბამისი მზაობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი” – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, როგორც კი ექიმების მხრიდან შესაბამისი მზაობა იქნება.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რა თქმა უნდა, ახდენენ ექიმები. ჩვენ შეგვიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ექიმების მხრიდან როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან პრინციპი არის ძალიან მარტივი, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა, ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.