ირაკლი ჩიქოვანი: იგივე სიმძაფრით დაუპირისპირდებიან ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან მომავალს, როგორც 2020 წელს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, არაერთხელ დავანახეთ ყველას, რომ ქვეყანას არავის ავარევინებთ
2020 წელს ყოველ ჯერზე დაძაბულობის მცდელობა იყო, რომ ამ დაძაბულობის მომატების ხარჯზე არჩევნების შემდგომ შექმნილიყო იმის ილუზია, თითქოს არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოება მხარს არ უჭერს. ზუსტად იგივე სცენარი იქნება დღეს, იგივე მოქმედი პირებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფრისთვის მზადაა და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს.
„ყველა მარიონეტი, რომელიც იქითა მხარეს არის, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის უცვლელი სახეები, რომლებმაც სხვადასხვა ფერში გადაღებეს საკუთარი მაისურები და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე სიმძაფრით დაუპირისპირდებიან ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან მომავალს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ და არაერთხელ დავანახეთ ყველას, რომ ჩვენს სამშობლოს არავის ავარევინებთ, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. თუ ისინი საარჩევნო ყუთთან გვაჯობებენ, ეს დემოკრატიული პროცესი იქნება, მაგრამ ეს შედეგი ვერ დადგება, რადგან არ არსებობს დღეს იმის ობიექტური რეალობა, რომ მოსახლეობამ სხვას ანდოს ქვეყნის მართვა. ამაზე ყველაფერი მეტყველებს.
იყო ყიჟინა ლარი ჩამოიქცაო. საქართველოს აქვს სტაბილური ეკონომიკა, გააზრებული საფინანსო მონეტარული პოლიტიკა და ლარი კვლავაც აგრძელებს სტაბილური ნიშნულის შენარჩუნებას. იყო ყიჟინა შინ და გარეთ, რომ საქართველომ სანქციები უნდა დააწესოს, ახლა ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დაეწესებინა სანქციები და ის, რასაც ვაკეთებთ სწორია. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლითაც რუსეთი სანქციებს თავს არიდებსო და ვიღებთ იმას, რომ ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო ხდება ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდი ექსპორტიორი რუსეთში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.