უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება
რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
სირსკიმ დანაკარგების კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს „სენსიტიური“ თემაა, რომელიც შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მისთვის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
სირსკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიის შემადგენლობა 100-დან 520 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 690 ათასს მიაღწევს.